ნიკოლოზ მჟავანაძე: თამაზ მეჭიაურმა სრული სიმართლე თქვა

თამაზ მეჭიაურმა სრული სიმართლე თქვა – ასე ეხმაურება „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის იმ განცხადებას, სადაც დეპუტატმა საქართველოში სამხედრო სწავლებასთან დაკავშირებით გააკეთა. როგორც ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, თამაზ მეჭიაურმა საკუთარი განსხვავებული აზრი დააფიქსირა.
მისი თქმით, ხელისუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემსგავსა, როდესაც ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო დევნიდნენ. „მე არავის გვარებს არ დავასახელებ ამ ეტაპზე. ყველაფერი მაშინ გაირკვევა, როცა სია დაიდება. მაშინ აღმოვაჩენთ კიდევ ერთ სამწუხარო ფაქტს – სიაში ვიხილავთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც იმ 9 წლის მანძილზე ნაციონალების ფაშისტური რეჟიმი არც ერთხელ არ დაუგმიათ. სამწუხარო ფაქტია, რომ ასეთი ადამიანები „ქართული ოცნების“ სიის ფორმირებაში რაღაც დოზით მონაწილეობენ. მართლა მაინტერესებს, სად იყვნენ იმ 9 წლის მანძილზე, ეძინათ და ახლა გამოიღვიძეს?! სამარცხვინოდ და გაუმართლებლად მიმაჩნია იმაზე საუბარიც, თუ როგორ ხდება სიის ფორმირება. რატომ უნდა ვიცოდეთ ჩვენ, ამომრჩევლებმა, სიაში ჩასასმელ ხალხს ფსიქოლოგები ამოწმებენ თუ სექსოპათოლოგები? ბარემ ვიზაჟისტებიც მიიწვიონ, შესარჩევი ხალხი პოდიუმზე გაატარონ და შეამოწმონ, როგორი სიარულის მანერა აქვთ. სიის ფორმირებისას კიდევ ერთ სამწუხარო ტენდენციას ვხედავ. ხელისუფლება ამ მიმართულებითაც ძალიან დაემსგავსა ნაციონალურ მოძრაობას. ვერ იტანენ იმ ადამიანებს, რომლებიც განსხვავებული აზრის გამოხატვას გაბედავენ. ამის ნათელი მაგალითია თამაზ მეჭიაური, რომელიც ანათემაზე გადასცეს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი აზრი დააფიქსირა. მისი პოზიცია მართალიც რომ არ ყოფილიყო, განსხვავებული მოსაზრების გამო ადამიანის გოლგოთას გზაზე გაშვება ვის გაუგია? თამაზ მეჭიაურმა სრული სიმართლე თქვა. ის აცხადებს, რომ ის სამხედრო სწავლება, რომელიც საქართველოში ამ დღეებში გაიმართება, ჩვენს ქვეყანას საფრთხეს უქმნის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რამდენიმე ამერიკული ტანკი დაგვიცავს რუსული აგრესიისგან, ძალიან შემცდარა. 2008 წლისთვის საქართველოს ამ ამერიკულ ტანკებზე მაგარი სამხედრო ტექნიკა ჰქონდა შეძენილი სხვადასხვა ქვეყნებიდან. ეს ტექნიკა რუსებს ფაქტიურად „შევტენეთ“. იმას, რაც მოხდა 2008 წელს, სხვა სახელი არა აქვს. დავტოვეთ ეს ტექნიკა კოდორში, გორში და სენაკის სამხედრო ბაზაზე, რუსებიც ადგნენ და საბრძოლო ნადავლის სახით წაიღეს. რამე რომ მოხდეს, ამერიკული ტანკები დაგვიცავს? ამასთან, მაინტერესებს, ვის როგორ ესმის სტრატეგიული მოკავშირეობა. ჩემი აზრით, ეს ნიშნავს იმას, რომ როცა გიჭირს, სტრატეგიული მოკავშირე დაგეხმარება“ – აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა საქართველოში 11-24 მაისს ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ ჩატარება გააპროტესტა. ცნობისათვის, „ღირსეული პარტნიორი 2016“ საქართველოში მეორედ ტარდება და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილე ქართული მსუბუქი ქვეითი ასეულის ნატოსთან და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები