იან ჰამიჩეკი: ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პირობა გაცემულია

 

ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პირობა გაცემულია და ახლა ეს პირობა უნდა შევასრულოთ, – ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ იან ჰამიჩეკმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც მან თავის ქართველ კოლეგა დავით უსუფაშვილთან ერთად, თემაზე: „აღმოსავლეთ ბლოკის ქვეყნიდან ევროპულ სახელმწიფომდე – პრაღისა და თბილისის გადმოსახედიდან“ საჯარო ლექცია წაიკითხა.
„დავპირდით საქართველოს, რომ ქვეყნის მიერ შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისი მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაურებდნენ. შევთანხმდით, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული კრიტერიუმები და ახლა ჩვენი მოვალეობაა, პირობა შევასრულოთ”,- განაცხადა ჰამიჩეკმა და დასძინა, რომ ის ვერ გაიზიარება მიდგომებს, თითქოს საქართველოსთან შეთანხმების დროს სხვა რეალობა იყო, ან საქართველო განხილულ უნდა იქნას ერთ პაკეტში, თურქეთთან და უკრაინასთან ერთად.
ჰამიჩეკის თქმით, არ არსებობს თემები, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას. რჩება მხოლოდ განხილვა ევროპარლამენტში და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება.
„იმედი მაქვს, კომიტეტები დროულად განიხილავენ ამ საკითხს. თუ ჩვენ გვინდა, ვიყოთ საიმედო პარტნიორები, როცა რაღაცას ვპირდებით, ის უნდა შევასრულოთ”,- განაცხადა იან ჰამიჩეკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები