თევზაძე ჯანელიძე – ლავროვის შეხვედრაზე: ამის უკან არაფერი დგას გარდა იმისა, რომ ჯანელიძე მასთან შესახვედრად ფიზიკურად არის მზად

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და მისი რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის შესაძლო შეხვედრას დადებითად ეხმაურება და აცხადებს, რომ მათი ნებისმიერი შეხვედრა პლუსი იქნება, რადგანაც გაჩნდება დიალოგის გამართვის შესაძლებლობა, თუმცა დღეს „კვირაში“ სტუმრობისას, თევზაძემ ისიც განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა მნიშვნელოვანი პროცესია, რომელსაც სერიოზული დაგეგმარება სჭირდება და ამ ეტაპზე ჯანელიძე ლავროვთან შესახვედრად მხოლოდ ფიზიკურად თუ იქნება მზად.
„ნებისმიერი შეხვედრა პლუსია. ის კონტაქტის საშუალებას იძლევა და ფაქტია, რომ ასეთი კონტაქტი საჭიროა. კარგია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ შეხვდეს მის კოლეგას. რაც შეეხება სასაუბრო თემას, ამაზე ვერ ვიმსჯელებ, რადგანაც ასეთი შეხვედრები მაღალი დონეა. ამ შეხვედრებს მომზადება სჭირდება. როგორც წესი, დღის წესრიგი მზადდება, როგორც საქართველში, ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან – რუსეთში. სამუშაო ჯგუფები ამას ათანხმებენ და როდესაც დღის წესრიგის სავარაუდო შედეგები დადგენილია, შედეგები კი, სავარაუდოდ, იქნება განცხადებები პოზიციების დაახლოებაზე ან გამიჯვნაზე, სწორედ ამის შემდეგ მოხდება შეხვედრა. თუ დღეს ჯანელიძემ გამოაცხადა, რომ ის მზად არის, შეხვდეს ლავროვს, ამის უკან არაფერი დგას გარდა იმისა, რომ ის ფიზიკურად არის მზად, შეხვდეს ლავროვს.
მე არ ვიცი, რუსეთის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ. შეიძლება მათ ჰქონდეთ სასაუბრო თემები და შემოთავაზებები მსჯელობისა, მაგრამ ამის შესახებ ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, რადგან კულუარებს გარეთ ეს თემები არ გავა. შეხვედრამდე, მინისტრებმა მათი ხელმძღვანელობისგან პოლიტიკური მიმართულება უნდა მიიღონ იმასთან დაკავშირებით, თუ საით წაიყვანონ შეხვედრა. ჩვენთან ამაზე პრეზიდენტი უნდა ჩამოყალიბდეს, რეალობაში როგორ იქნება, არ ვიცი, მაგრამ პუტინი ცალსახად ჩაერთვება ამ პროცესში. მთავარი ის არის, რომ ერთმანეთს შეხვდნენ და შემდეგ, დიალოგის დაწყება გახდეს შესაძლებელი“,- განაცხადა თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები