რატომ გახდნენ ექსპერტები ანალიტიკოსები?

ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ფეისბუქის გვერდზე ექსპერტების და ანალიტიკოსების შესახებ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს. სალუქვაძე მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში ხალხის შემეცნებაში ექსპერტის სტატუსმა გარკვეული დისკრედიტაცია განიცადა. როგორც სალუქვაძე აღნიშნავს ანალიტიკოსი სხვა ადამიანებისგან ანალიტიკური აზროვნებით გამოირჩევა.

„დღეს ძალიან ბევრ ყოფილ ექსპერტს მოიხსენიებენ, როგორც ანალიტიკოსს. ბოლო 10 წლის მანძილზე ხშირად უკითხავთ ჩემთვის, ვინ ანიჭებს ექსპერტობასო? ზოგმა ისიც მითხრა, მეც მინდა ექსპერტობაო. კითხვები ანალიტიკოსის სტატუსის მიმართაც გაუჩნდა ხალხს, თან თუ ადრე ექსპერტი იყო და ახლა ანალიტიკოსია. წლების წინ, საინფორმაციო გამოცემების სიუჟეტებში ხშირად ასეთ სტატუსს მიწერდნენ – სამხედრო ექსპერტი. ჟურნალისტებს ემახსოვრებათ, ყოველთვის ვთხოვდი ჩემი ყოფილი თანამდებობა მიეთითებინათ, რადგან ვინც გიცნობს, იმას ახსნა ისეც არ ესაჭიროება რისი სპეციალისტი ხარ, ხოლო ვინც არ გიცნობს, მშრალი სტატუსი “სამხედრო ექსპერტი” არაფრის მთქმელია.

სულ სხვაა, როცა მაყურებელი/მკითხველი კითხულობს, რომ გარკვეული წლების მანძილზე სარდლის პოსტი გეკავა. შესაბამისად, მაყურებლისთვის/მკითხველისთვის შენს მოსაზრებას მეტი წონა აქვს. თუმცა, სტატუსი შენი ცოდნით, სწორი კომენტარებით უნდა დაადასტურო. ახლა კი განვიხილოთ რატომ გახდნენ ექსპერტები ანალიტიკოსები?

ამ წლების განმავლობაში ხალხის შემეცნებაში ექსპერტის სტატუსმა გარკვეული დისკრედიტაცია განიცადა. მიზეზების ახსნას თავს ავარიდებ.

იყო შემთხვევა, როცა ერთმა ცნობილმა პიროვნებამ ჟურნალისტს უთხრა მე არ ვარ ექსპერტიო. არადა, ლამის ნახევარი საუკუნეა თავისი საქმიანობით არის დაკავებული. ამიტომ, როგორც მედია, ასევე საექსპერტო საზოგადოება, გარკვეულწილად, რებრენდინგის გზით წავიდა, – ექსპერტის ნაცვლად წერენ ანალიტიკოსს. შეცდომა არც ექსპერტია, არც ანალიტიკოსი. გააჩნია ვის მივაწერთ ამ სტატუსს. რითი განსხვავდებიან ისინი? ექსპერტი არის ადამიანი, რომელიც ფლობს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ უნარებს მეცნიერების გარკვეულ სფეროებში.

ანალიტიკოსი სხვა ადამიანებისაგან, პირველ რიგში, ანალიტიკური აზროვნების უნარებით გამოირჩევა. მათ საუბრისას გარკვეული სიტყვების ხმარებითაც შეიცნობთ. მაგალითად: მაშასადამე, შესაბამისად, აქედან გამომდინარე, თუმცა და სხვა. ბევრი იყენებს ასეთი სიტყვების შერწყმას – “ვინაიდან და რადგანაც “. მე თუ მკითხავთ ან “ვინაიდან” უნდა ვთქვათ, ან “რადგანაც”, თუმცა, როცა ადამიანი ასეთ სიტყვებს იყენებს, ჩანს, რომ ის რაღაც ფაქტებს, მოვლენებს აკავშირებს, აანალიზებს. თუ ადამიანს ანალიტიკური აზროვნების უნარები, ანუ ბუნებით დაჯილდოებული ნიჭი გააჩნია, ეს არ ნიშნავს, რომ ის კარგი ანალიტიკოსია და მის ანალიზს რაიმე ფასი/ღირებულება შეიძლება ჰქონდეს.

თუ ანალიტიკოსი იმ სფეროს ექსპერტი არაა, ანუ არ ფლობს თეორიულ ცოდნას, არ აქვს პრაქტიკული გამოცდილება, ის კვალიფიციურ ანალიზს, მითუმეტეს პროგნოზს, ვერ გააკეთებს, ვერც რაიმე ღირებული რეკომენდაციების გაცემას შესძლებს.

სხვათაშორის, სსრკ-ს დროს იყვნენ პოლიტიკური ან სამხედრო მიმომხილველები. ეს კატეგორია უფრო ქვედა დონეა. თუ წლების განმავლობაში დაკავებული ხარ მიმოხილვით, გაქვს თეორიული ცოდნა (განათლება), შესაძლოა გახდე კარგი ანალიტიკოსი, რა თქმა უნდა შესაბამისი მიდრეკილების შემთხვევაში. სამხედრო სფეროს მაგალითზე განვიხილოთ. ადამიანს თუ არ აქვს სამხედრო განათლება და არ გაუვლია საკმარისი საკარიერო იერარქია, ის ვერ იქნება სამხედრო ექსპერტი ან ანალიტიკოსი. შესაძლოა იყოს სამხედრო მიმომხილველი. რატომ?

ზოგადად სამხედრო მეცნიერება, როგორც მეცნიერების სფერო, არის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სისტემა. სამხედრო მეცნიერების ძირითადი შემადგენელი ნაწილებია:

– სამხედრო ხელოვნების თეორია (ომის მომზადება და წარმოება),
– შეიარაღებული ძალების მშენებლობის თეორია (შეიარაღებული ძალების ორგანიზაცია, დაკომპლექტება, აღჭურვა, მობილიზაცია. ერთ-ერთი რთული კომპონენტია),
– სამხედრო მომზადების თეორია (მომზადების სისტემა, განათლების სისტემა),
– სამხედრო-ტექნიკური მეცნიერებები (ეს სფერო უზრუნველყოფს სახმელეთო ჯარებისთვის, საჰაერო ძალებისთვის, ფლოტისთვის სამხედრო შეიარაღების, ტექნიკის, აღჭურვილობის შექმნას, მათი ექსპლოატაციის წესების განსაზღვრას და ა. შ.)
– სამხედრო ეკონომიკის თეორია (ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყენება შეიარაღებული ძალების ინტერესებისათვის),
– სამხედრო ისტორიის თეორია (ომების და სამხედრო ხელოვნების ისტორია).

არ შეიძლება ადამიანი სრულყოფილად ფლობდე ამ მეცნიერებებს და თეორიებს, იყო ყველა მისი შემადგენელი ნაწილების ღრმა ცოდნის და პრაქტიკული უნარების მატარებელი. შესაბამისად, სამხედრო სფეროში ექსპერტის, ანალიტიკოსის სტატუსის მინიჭება რომელიმე ორგანოს მიერ არ ხდება. სამხედრო სფეროში ექსპერტი, ანალიტიკოსი ყალიბდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (განათლება+პრაქტიკული გამოცდილება). ანალოგიურადაა მეცნიერების სხვა სფეროებში. ამიტომ სტატუსების მორგება ყოველთვის ინდივიდუალურად ხდება”, – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები