„კრემლი დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთში, როგორც ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე”

„კრემლმა ფაქტობრივად ერთ-ერთ მიზანს მიაღწია – ის დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთში, როგორც ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე“, – ამის შესახებ სამხედრო – პოლიტიკური ანალიტიკოსი, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე აცხადებს და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. მისი აზრით, რუსეთი კავკასიაში ინტერესების დათმობას არ აპირებს.
დღეს რა დროს პოლიტიკაა, მაგრამ ვერ ავუარე გვერდი. რაზეც ვწერდი “რუსეთის ახლოაღმოსავლურ მანევრებში”, კრემლმა ფაქტობრივად ერთ-ერთ მიზანს მიაღწია – ის დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთში, როგორც ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე. ამ დასკვნის საფუძველს ჯონ ქერის ბოლო განცხადება იძლევა. “ჩვენ ვიმედოვნებთ რუსეთთან თანამშრომლობაზე სირიის საკითხში. ასევე იმედი გვაქვს, რომ სირიის რეჟიმი მოუსმენს კრემლს” – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. ქერის განცხადებას წინ უძღოდა გაეროს წარმომადგენლის, სტეფან დე მისტურას განცხადება სამშვიდობო პროცესის ჩაშლის საშიშროებასთან დაკავშირებით. მისტურამ მოუწოდა აშშ-ს და რუსეთს გადაარჩინონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მანამდე, ყარაბაღის მოვლენებმა ცხადყო, რომ რუსეთი კავკასიაში ინტერესების დათმობას არ აპირებს. არც დასავლეთს უცდია თავისი პოზიციების დაფიქსირება, გარდა მშვიდობიანი მოწოდებებისა. რუსეთის მთავარი მიზანია მსოფლიო დონის მოთამაშედ დაბრუნება. ობამამ რუსეთს რეგიონული ლიდერი უწოდა, რასაც რუსეთის ლიდერის, პოლიტოლოგთა და მედიის განცხადებები მოჰყვა. რას მოიმოქმედებს რუსეთი, რათა მსოფლიო ლიდერად დაბრუნდეს? ამ კითხვაზე პასუხი ალბათ ჯერ არავის აქვს.“, – წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები