კვლევის თანახმად, საქართველოს მედიასექტორი ევროპასა და ევრაზიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია

საქართველოს მედიასექტორი ევროპასა და ევრაზიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, – ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში “მედიის მდგრადობის ინდექსი” საქართველო 2016”.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, მედიის მდგრადობის ინდექსი ზომავს ქვეყნის მედიასექტორის მდგრადობას ხუთი კომპონენტის შეფასებით, მათ შორის – სამართლებრივი გარემოს, ჟურნალისტიკის ხარისხის და მედიის მენეჯმენტის პრაქტიკას. მედიის სფეროს წარმომადგენლებს თითოეული ქვეყნიდან გამოჰყავთ ქულები და წვლილი შეაქვთ თვისობრივ შეფასებაშიც. კვლევების პილოტირება განხორციელდა საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში და უკვე არსებულ კვლევას შეკითხვების განსხვავებული ჯგუფი შეემატა, რომლის მეშვეობითაც მედიის მომხმარებლებს ჰკითხეს, თუ რამდენად პასუხობს მედია მათ საჭიროებებს.
ამ სამი ქვეყნიდან საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ორივე – ძირითად და საპილოტე კვლევაში. საქართველოს უშუალო მეზობლებს შორის კი საქართველომ თითქმის იმდენი ქულა მიიღო, რაც სომხეთმა და გაცილებით მეტი, ვიდრე აზერბაიჯანმა და რუსეთმა.
საქართველოში კვლევის მონაწილეებმა მედიის სექტორიდან მიუთითეს მთელ რიგ ძლიერ მხარეებზე და გაუმჯობესებულ პრაქტიკაზე ამ სფეროში, მათ შორის იმაზე, რომ საქართველოში სულ უფრო მეტად იცავენ ჟურნალისტურ ეთიკას, ასევე, მიუთითეს, რომ ციფრულ მაუწყებლობაზეც წარმატებით გადავედით, რამაც საქართველო გამოარჩია რეგიონის სხვა ქვეყნებისგან, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნისგანაც.
”ბოლო 5 წლის მანძილზე საქართველოში პოპულარულ ტელეკომპანიებში მენეჯმენტისა და სარედაქციო პოლიტიკის მოულოდნელი ცვლილებები განხორციელდა. თითქმის ყველა ასეთ შემთხვევაში მიზეზად პოლიტიკური დაჯგუფებებისა და სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა დასახელდა. აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან მოყოლებული მედიის მფლობელების გამჭვირვალობა გაიზარდა და პოლიტიკური პატრონაჟი შემცირდა. კვლევის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ამ ცვლილების მიუხედავად, ქართული მედია კვლავ პოლარიზებულია და გარკვეულწილად იმ პოლიტიკური პარტიების გავლენის ქვეშ ექცევა, რომელსაც მხარს უჭერს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
საერთო ჯამში, კვლევის მონაწილე პანელისტები მეტწილად შეჯერდნენ იმ აზრზე, რომ წინა წლებთან შედარებით, მაუწყებელთა მუშაობის ხარისხი გაუმჯობესდა, ხოლო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა გარკვეულწილად შემცირდა, თუმცა ჯერ კიდევ შეიმჩნევა. ამასთან, პანელის წევრებმა შეიმუშავეს რამდენიმე რეკომენდაცია, რომელთა შორის არის: მაუწყებლებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ ქცევის კოდექსს და დაამკვიდრონ მაღალი სტანდარტები; მეტი ძალისხმევაა საჭირო მედიის პოლიტიკური ან სამთავრობო ინტერესებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად; ქართველმა ჟურნალისტებმა უნდა მოიძიონ განათლების მიღების შესაძლებლობები საზღვარგარეთ, რათა სხვადასხვა მედიაგარემო შეისწავლონ. კვლევის შედეგების განხილვა IREX -ის ოფისში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები