სირიის ოპოზიციამ სამთავრობო ძალების წინააღმდეგ შეტევა დაიწყო
სირიის ოპოზიციურმა ძალებმა სამთავრობო ჯარის წინაღმდეგ მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყეს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ საბრძოლო მოქმედებები იმის გამო განაახლეს, რომ ბაშარ ასადის ძალები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს რეგულარულად არღვევენ.
„სამთავრობო ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა და საცხოვრებელი კვარტალების დაბომბვების გამო ჩვენ საპასუხო ზომებს მივიღებთ“, – ნათქვამია სირიის ოპოზიციის 10 სხვადასხვა დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დოკუმენტის ხელმომწერთა შორის არიან: ამბოხებულთა დაჯგუფება „ჯაიშ ალ-ისლამი“, რომელიც სირიის დედაქალაქ დამასკოსთან რამდენიმე რაიონს აკონტროლებს.
მისმა ლიდერმა, მოჰამედ ალუშმა თანამებრძოლებს სამთავრობო ძალებზე შეტევის განახლებისკენ მოუწოდა.
„არ დაიჯეროთ რაიმე ასადის რეჟიმისგან. დახოცეთ ისინი. მოკალით ისინი ყველგან, სადაც შეძლებთ“, – დაწერა ალუშმა ტვიტერში.
ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამთავრობო ძალებმა სირიის ყველაზე დიდი ქალაქის, ალეპოს აღება გადაწყვიტეს, რომლის ნაწილს უკვე რამდენიმე წელია ოპოზიცია აკონტროლებს.