ფილიპ ჰამონდი: საქართველომ უნდა გააგრძელოს ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანს ფილიპ ჰამონდს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან პარტნიორულ ურთიერთობებზე. ფილიპ ჰამონდმა აღნიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია. მან დადებითად შეაფასა ნატოს მისიებში საქართველოს ჩართულობა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობა.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოთქვა. შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარებაზეც ისაუბრეს.
ფილიპ ჰამონდმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სფეროში ორივე ქვეყანას საერთო ინტერესები აქვს. მისი შეფასებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობები აქვს აღმოსავლელ პარტნიორებთან და აქტიურად მონაწილეობს “ახალი აბრეშუმის გზის – ეკონომიკური სარტყლის” პროექტში და ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა.
სტუმარმა საქართველოში გატარებული რეფორმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. იგი პარლამენტში მიმდინარე თემებითა და კანონმდებლობის აღსრულების პროცესში პარლამენტის საზედამხედველო როლით დაინტერესდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, ფილიპ ჰამონდმა საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტში მიმდინარე “სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსების ფორუმში”.
პარლამენტიდან გამგზავრებამდე, დავით უსუფაშვილმა და ფილიპ ჰამონდმა პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინგლისელი დიპლომატის, მთარგმნელისა და მოგზაურის, სერ ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერში ოლივერ და მარჯორი უორდროპების ძეგლი მოინახულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები