„უმუშევართა კავშირის” ხელმძღვანელი ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს

„უმუშევართა კავშირის” ხელმძღვანელი თამარ იოვაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ შეცდომაში არ შევიდნენ, რადგან საზოგადოების გარკვეული ჯგუფი უსახლკაროებს აღრიცხვაზე აყვანის სანაცვლოდ 30 ლარს სთხოვს.
„მეგობრებო, ბატონებო და ქალბატონებო, ჩვენი ორგანიზაციის ბენეფიციარებო ! დღეს ჩვენს ოფისში მოვიდა კონსულტაციაზე ერთ-ერთი ჩვენი ბენეფიციარი და ქვემოთ, სურათზე გამოსახული განცხადება მოიტანა. სადაც ნათქვამია, რომ ჩვენი ორგანიზაციის სახელით, გაურკვეველ პირთა დაჯგუფება (მისამართიცაა ნახსენები), თითქოსდა, აწარმოებს უსახლკაროთა რეგისტრაციას.
როგორც გაირკვა, ამ დაჯგუფების წარმომადგენლები, აწარმოებენ მოქალაქეთა მიღებას და აღრიცხვაზე აყვანის საფასურად მათგან ითხოვენ 30-30 ლარს.
მინდა მე, თამარ იოვაშვილმა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ თავმჯდომარემ განვაცხადო, რომ ამ განცხადების ავტორებთან და ხსენებულ მისამართზე არსებულ გაურკვეველ ორგანიზაციასთან, არანაირი შეხება არა გვაქვს. ჩვენი ოფისი მდებარეობს ფურცელაძის 14-ში და იქ ხდება უსახლკაროთა რეგისტრაცია. პლუს ამას, ეს პროცედურა ჩვენთან სრულიად უფასოა. მინდა აქვე დავამატო, რომ ჩვენი სახელით მოქმედი ეს დაჯგუფება ყალთაბანდობისა და თაღლითობის მაგალითია. ყველას მოგიწოდებთ, არანაირი კავშირი არ დაამყაროთ ამ პირებთან“, – წერს თამარ იოვაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები