ჯეიმს აპატურაი სააკაშვილის დაკითხვას ეხმაურება
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში ზურაბ ჟვანიას საქმეზე დაკითხვას ეხმაურება.
როგორც ჯეიმს აპატურაიმ „მოამბესთან“ საუბრისას აღნიშნა, თუ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს, ისინი უნდა გასამართლდნენ. „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე ვართ. ახლოვდება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, მერე შეფასების ეტაპი მოდის, შემდეგ – ივნისის შეხვედრა. ნატო-ს გენერალური მდივანი არის ძალიან მკაფიო, ეს უთხრა ხელისუფლებას თბილისში ყოფნის დროს და აქაც ბრიუსელში. გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ საქართველომ საკმარისად წაიწია წინ კონკრეტული წინ გადადგმული ნაბიჯისთვის, ნატო-სკენ გზაზე. ვფიქრობ, ამაზე უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება და თავიდან ავიცილოთ შერჩევითი სამართლის აღქმა. მართალია, საქართველოს მთავრობა იყო ძალიან გამჭვირვალე, ძალიან ბევრი იმუშავა და ხსნიდა, რას აკეთებდა და ის შეშფოთება, რაც გვქონდა წარსულში ბევრ საკითხზე გათვალისწინებულია. თქვენ გესმოდათ ნაკლები კრიტიკა და ნაკლები შეშფოთება ამ თემებზე. ამიტომ მათ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რომ ეს ყველაფერი კარგად გვაჩვენონ”, – განაცხადა აპატურაიმ “მოამბესთან” საუბრისას.