მიხეილ ხიდურელი: სააგენტოს პროგრამებში შესული ცვლილებები დაეხმარება მეწარმეებს, მიიღონ გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერა და მეტი წარმატებით განავითარონ მათი ბიზნესი
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” პროგრამებში ცვლილებები შედის.
უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში ცვლილებები, სესხისა და ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსებას შეეხო და იგი 2 პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ, თანადაფინანსებასთან ერთად, ბენეფიციარებს შეუძლიათ, ისარგებლონ ახალი საგრანტო კომპონენტებით: მაღალმთიანი, აგროტურისტული, მწვანე, გაციფრულების, კვლევა და განვითარების (R&D) მიმართულებებით. ამასთან, ქალი მეწარმეებისთვის ჩამოთვლილ ყველა კომპონენტში იზრდება გრანტის ოდენობა.
ცვლილებები განხორციელდა მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაშიც. პროგრამას ემატება ახალი ეკონომიკური საქმიანობები, მათ შორის: კვების პროდუქტების წარმოება, სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების რამდენიმე კატეგორია და სხვა ერთწლიანი კულტურების მოყვანა.
პროგრამებში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” დირექტორი, მიხეილ ხიდურელი:
„ჩვენ მუდმივად ვახორციელებთ ანალიზსა და მონიტორინგს, ვაფასებთ ეკონომიკურ გავლენას და სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვაქვს სიახლეები სააგენტოს პროგრამებში. ცვლილებები, რომელსაც ახლა ვთავაზობთ მეწარმეებს, მათ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააფართოებს. ეს ხელს შეუწყობს სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობის წარმომადგენლებს მიიღონ გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერა და უფრო მარტივად წამოიწყონ ან განავითარონ მათი ბიზნესი”, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
მიკრომეწარმეობის პროგრამის ცვლილებები უკვე ძალაშია. ამასთან, ცვლილებები უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში 1-ელი სექტემბრიდან შევა ძალაში.