იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვროპარლამენტარების წინაშე მოხსენებით წარსდგა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის მე-16 შეხვედრაზე მოხსენებით წარდგა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ღონისძიების მონაწილეთა ყურადღება კანონის უზენაესობის საკითხებზე გაამახვილა.

„იუსტიციის სამინისტრო ფართომასშტაბიან რეფორმებს ახორციელებს ყველა მიმართულებით, მაგრამ რაც შეეხება სამართლის უზენაესობას, აქ ორ თემას გამოვყოფდი, რაზეც მსურს, ვესაუბრო ევროპარლამენტარებს: ეს არის სასამართლოს და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა. ბევრი რამ ორივე მიმართულებით უკვე გაკეთებულია. რასაკვირველია, კიდევ მეტია გასაკეთებელი − მე მხედველობაში მაქვს სისტემების დემოკრატიზაცია, მეტი გამჭვირვალობის, მეტი სამართლიანობის მიღწევა, სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა სამართლიანობის მიღწევა, მატერიალური სისხლის სამართლის პროცესში ჰუმანიზაცია, კანონმდებლობის ლიბერალიზაცია და ა. შ.“, − განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო შეხვედრების ისტორია 1994-96 წლებში იწყება, თუმცა, არსებული ფორმით საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი (PCC) 1999 წლიდან ჩამოყალიბდა. აღნიშნული კომიტეტი წარმოადგენს ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთობების ძირითად ინსტიტუტს. ევროპარლამენტში შექმნილია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობის დელეგაცია, რომლის წევრებიც საპარლამენტო თანამშრომლების კომიტეტის შეხვედრებში მონაწილეობენ. კომიტეტის სხდომები წელიწადში ერთხელ იმართება, სადაც ორივე მხარის ინტერესებში შემავალი ნებისმიერი საკითხი განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები