სკანდალური ბრალდება ვის აბრალებს საყდრისის დოკუმენტების გაქრობას არქეოლოგი ირინა ღამბაშიძე?
ახლახან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად ნიკოლოზ ანთიძე დანიშნეს, რომელიც 2000 წლიდან მუშაობს იმავე სფეროში. სწორედ მისი დანიშვნის შემდეგ გამოქვეყნდა საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტის შესახებ მეცნიერების დასკვნა, რომელშიც აღიარებულია, რომ ამ ეტაპისთვის საყდრისში უძველესი ოქროს საბადოს არსებობა არ დასტურდება (სწორედ ამ დასკვნაზე დაყრდნობით მისცა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ოქროსმომპოვებელ კომპანიას „RMG-გოლდს“ დადებითი დასკვნა, თუმცა სამუშაოები საერთაშორისო ექსპერტების ზედამხედველობით წარიმართება).
საყდრისი ბოლო დროს დაპირისპირების თემად იქცა. მის გარშემო მეცნიერთა აზრი ორი ნაწილად გაიყო. ნაწილი ამტკიცებს, რომ საყდრისი უნიკალური, მსოფლიოში უძველესი ოქროს საბადოა. მეორე ნაწილი ამბობს, რომ ეს ასე არ არის, და რომ საყდრისი შესაძლოა, ისტორიული ობიექტია, მაგრამ არა უძველესი ოქროს მომპოვებელი მაღარო. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საყდრისის ბორცვზე არქეოლოგიურ ექსპედიციაში გერმანელი, ავსტრიელი და ქართველი მეცნიერები უკვე 9 წელია მუშაობენ, თუმცა ბოლომდე შესწავლილი არ არის – არის თუ არა საყდრისი უნიკალური ძეგლი?
2013 წელს საყდრისს 2005 წელს მინიჭებული ძეგლის სტატუსი შეუჩერეს, რასაც მეცნიერებისა თუ ჟურნალისტების მხრიდან დაძაბულობა მოჰყვა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ძეგლის სტატუსის შეჩერებას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა – საყდრისზე ძეგლობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს.
2013 წლიდან დღემდე არაერთმა კომისიამ მოიძია ეს საბუთები, მაგრამ დოკუმენტაცია ვერ იპოვეს. ზოგმა მეცნიერმა ხმამაღლა თქვა, რომ საყდრისის დოკუმენტები არასოდეს არსებულა და არც ადრე უნახავთ.
საყდრისში ქართულ-გერმანული ექსპედიციის მონაწილე, არქეოლოგი ირინა ღამბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს დოკუმენტები ნამდვილად არსებობდა და ის 2005 წელს სწორედ ნიკოლოზ ანთიძემ ჩაიბარა.
ირინა ღამბაშიძე ფეისბუქის საკუთარ კედელზე წერს: „მივმართავ ბატონ ნიკა ანთიძეს! …. ისე , საყდრისს რომ აძეგლებდით, მაშინ იტყუებოდი თუ ახლა? თქვენ არ იყავით 2005 წელს გაძეგლების საბუთები ვინც ჩაიბარა? ახლა ცხადია, სად წავიდა ეს საბუთები!!!! (ცნობისათვის: ბატონი ნიკა ანთიძე 2005 წლიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს იურიდიულ განყოფილებაში მუშაობდა და პირადად მას ჩაბარდა ამჟამად დაკარგული საყდრისის დოკუმენტები).“
ქალბატონი ირინა სოციალურ ქსელში პირდაპირ ადებს ხელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღავენელს ნიკოლოზ ანთიძეს, რომ სწორედ მან „გააქრო“ საყდრისის დოკუმენტაცია. ღამბაშიძე წერს, რომ დოკუმენტები, რომელიც დღეს ვეღარავინ იპოვა, სწორედ ნიკოლოზ ანთიძეს ჩაბარდა. ჩვენ შევეცადეთ ბატონ ნიკა ანთიძეს დავკავშირებოდით, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. მისი თქმით, ქალბატონი ირინა არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ის მითითებულ პერიოდში კულტურის სამინისტროს იურიდიულ განყოფილებაში არ მუშაობდა და არც საბუთები უნახავს.
ჩვენ დავუკავშირდით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კადრების განყოფილებას და მოვიძიეთ ნიკოლოზ ანთიძის თანამდებობა იმავე პერიოდში. ნიკოლოზ ანთიძე 2004 წლის 8 სექტემბერს დაინიშნა კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის სამმართველოს უფროსად (შემდგომში კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგისა და პრევენციული კონსერვაციის სამმართველო). ხოლო ამ თანამდებობიდან გათავისუფლდა 2009 წლის 5 მარტს. ამ ინფორმაციის თანახმად, ირინა ღამბაშიძის სოცქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ანუ, ნიკოლოზ ანთიძე 2005 წელს არ მუშაობდა კულტურის სამინისტროს იურიდიულ განყოფილებაში.
რაც შეეხება ქალბატონი ირინას ბრალდებისთვის, რომ ძეგლის საბუთები ნიკოლოზ ანთიძემ ჩაიბარა და „ახლა ცხადია, სად წავიდა ეს საბუთები“, არ არის გამორიცხული, რომ ღამბაშიძეს სასამართლოში უჩივლონ.