გიორგი სიგუა: კორუმპირებულ და კრიმინალ გუბერნატორებს არასწორ ადგილას ეძებთ, ოდესის ოლქში მოიძიეთ

„კორუმპირებულ და კრიმინალ გუბერნატორებს არასწორ ადგილას ეძებთ, ცოტა ჩრდილოეთ-დასავლეთით, ოდესის ოლქში მოიძიეთ, იქ აუცილებლად მიაკვლევთ“, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, ლევან შონიას მხარდაჭერას უცხადებს.
როგორც გიორგი სიგუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსში აღნიშნავს, რომ არა ლევან შონია, სამეგრელოს რეგიონში სამი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი არ გაიხსნებოდა. მისივე თქმით, ბოლო დროს ლევან შონიას წინააღმდეგ „შავი პიარი“ გრძელდება, რასაც იგი ეწინააღმდეგება.
„კარგა ხანია “ჯემ ფესტის” მზადების გარდა არაფრისთვის დრო არ მაქვს, არც პოლიტიკური ამბებით დაინტერესების დრო მრჩება და არც მაინტერესებს ინტრიგები და სკანდალები. ახლა გავიგე ამ შავი პიარის შესახებ, რომელსაც სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორს, ლევან შონიას უგორებენ. რა შენი საქმეაო, მავანი მკითხავს, მაგრამ, დიახაც, რომ ჩემი საქმეა და ლევან შონიასთვის ჩრდილის მიყენებას არც მოვითმენ, ჩავერევი კიდეც და რაც უნდა ვთქვა, აუცილებლად ხმამაღლა ვიტყვი.
სათქმელი კი შემდეგი მაქვს: ჩემი ჩინოვნიკურ-საზოგადოებრივ-„ჯემფესტური“ კარიერის მანძილზე იშვიათად შევხვედრივარ ლევან შონიას მსგავსად მონდომებულ, წესიერ და საქმეზე გადამკვდარ მოხელეს. ჯერ კიდევ ტურიზმის ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდიდან ვთანამშრომლობ და ვმეგობრობ ამ ადამიანთან. ერთობლივი ძალისხმევით გავხსენით სამი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი სამეგრელოში: ზუგდიდში, მარტვილსა და ჩხოროწყუში, გადავიღეთ სამეგრელოს და ანაკლიის პრომო კლიპები, შევქმენით სამეგრელო – ზემო სვანეთის ტურისტული პოტენციალის საპრეზენტაციო მასალა და საინვესტიციო შეთავაზებები. არ მახსოვს, რომ ლევან შონიას როდისმე დაეხიოს უკან, რაიმე დაზარებოდეს ან ხალისით არ ეკეთებინოს, ყველაფერი, რაც სამეგრელოს და ზემო სვანეთის სასიკეთოდ შეიძლება გაკეთდეს, ბავშვივით იტაცებს და ბოლომდე მოგყვება.
ასე იყო “კაზანტიპის” დროს, ასე იყო „ჯემ ფესტის“ დროს და ასეა ახლაც. მეტსაც გეტყვით, ის, რომ სამეგრელოში, ანაკლიაში გიგანტური მასშტაბის ახალგაზრდული პროექტი შეიქმნა ჩვენი ფესტივალის სახით, ამაში ყველაზე დიდი წვლილი ამ კაცს მიუძღვის. დიახ, ზუსტად, ჩემზე მეტი წვლილიც და „ჯემ გუნდის“ ნებისმიერ წევრზე მეტიც.
მისი დამსახურებაა, პირველ რიგში, რომ „ჯემ ფესტი“ დაიბადა და განვითარებას განაგრძობს. აღარაფერი რომ არ ვთქვა უამრავ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რაც ჩემს მშობლიურ რეგიონში ხორციელდება, იქნება ეს სტადიონი, საავადმყოფო, სპორტის სასახლე თუ უამრავი სხვა რამ. ბევრჯერ ვყოფილვარ შემსწრე, როგორ წასულა და წამოსულა ზუგდიდიდან და მესტიიდანაც კი, თბილისამდე დღეში ორჯერ, რამდენი ღამე გაუთენებია გუბერნიაში კაცს, რომელსაც არც ზუგდიდში და არც თბილისში ბინაც კი არ გააჩნია. არის დევნილი ოჩამჩირედან და ერთადერთი საზრუნავი და საფიქრალი თავისი საქმის კარგად კეთება აქვს. აუცილებლად ვიქნები ერთ – ერთი პირველი, ვინც ლევან შონიას დასაცავად გამოვა და გვერდით დაუდგება. კორუმპირებულ და კრიმინალ გუბერნატორებს არასწორ ადგილას ეძებთ, ცოტა ჩრდილოეთ-დასავლეთით, ოდესის ოლქში მოიძიეთ, იქ აუცილებლად მიაკვლევთ“, – წერს გიორგი სიგუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია აცხადებს, რომ მის მიმართ მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია და მედია ამ ინფორმაციის ტირაჟირებას ახდენს. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
გუბერნატორი მისი და მისი ოჯახის ინტერესს თხილის ბიზნესში უარყოფს.
„მინდა, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების და გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს მე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ჩემს ახლო ნათესავებთან ერთად ჩართული ვარ თხილის ბიზნესში და ვახდენ აფხაზეთიდან თხილის გადმოტანას“, – აცხადებს ლევან შონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები