ამირან სალუქვაძე: თქვენი ესმის პრემიერს… ნუ აქცევთ უნივერსიტეტის შიდა პროცესებს პოლიტიკად

 

ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე სოციალური ქსელის მეშვეობით თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პრემიერის განცხადება უნივერსიტეტში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სწორი და დროული იყო.
სალუქვაძე ყველა მხარეს მოუწოდესბ, პროცესებს პოლიტიკად ნუ აქცევენ.
“საფრთხილოა უნივერსიტეტის მოვლენები, ვატყობ, უკვე პროცესებში გადადის. კი გაცხადდა თავიდან, პოლიტიკასთან არ აქვს შეხება და პოლიტიკოსები ნუ მოხვალთო, მაგრამ ვინც განაცხადა, თვითონ დიდი ხანია ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში და ერთი ფეხი პოლიტიკაში აქვს. აგორებული თოვლის გუნდა ზვავად არ უნდა იქცეს. ამისათვის დიალოგი და დათმობებია საჭირო. პრემიერის განცხადება უკვე მეორედ ძალიან სწორი აქცენტებით იყო. სტუდენტებმა ისე არ ქნათ, რომ თქვენი შიდა საკითხები პოლიტიკად აქციოთ. ამით ძალიან დიდ ზიანს მიაყენებთ უნივერსიტეტს, რადგან თუ გადაიზრდება პოლიტიკაში, მერე ვერავის დაარწმუნებთ, რომ პოლიტიკური მიზნები თავშივე არ იყო ჩადებული. ერთი მიზნის მიღწევას არ უნდა მოჰყვეს ორი ახალი მიზანი, ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ უნდა მოჰყვეს ორი ახალი მოთხოვნა. თქვენი ესმის ხელისუფლებას, თქვენი ესმის პრემიერს, მოიქეცით ისე, როგორც თქვენ და უნივერსიტეტს შეეფერება. ნუ აქცევთ უნივერსიტეტის შიდა პროცესებს პოლიტიკად. თუ ვინმე კითხულობთ სტუდენტთაგან, ეს ჩემი რჩევაცაა და თხოვნაც, როგორც რიგითი ქართველის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქის“,- წერს სალუქვაძე ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები