ლიანა ტაბიძე: თუ პირველადი ჯანდაცვა არ იქნება ძლიერი, საყოველთაო ჯანდაცვა არ იქნება ხარჯთეფექტური

ჯანდაცვის სამინისტროსა და „გლობალური ალიანსის“ ინიციატივამ „რა გაწუხებთ“? გამოავლინა, რომ პირველადი ჯანდაცვა, ექიმების კვალიფიკაცია და ანაზღაურება, ამბულატორიების აღჭურვა და ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდა უმნიშვნელოვანესია მოსახლეობისთვის. რეგიონებში მომუშავე ექიმები მოსახლეობის ამ მიდგომებს ეთანხმებიან. სამეგრელო-ზემო სვანეთის პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ანაკლიის საექიმო ამბულატორიის ექიმი ლიანა ტაბიძის აზრით:
„პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება მნიშვნელოვანია, საჭიროცაა და უმთავრესია. თუ ეს რგოლი არ იქნა მყარი და კარგად განვითარებული, მაშინ ხარჯთეფექტურობა, განსაკუთრებით კი საყოველთაო ჯანდაცვისა, იქნება ყოველთვის წამგებიანი. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეა, რომ პირველადი ჯანდაცვა არის მაღალ დონეზე და ყოველმხრივ უზრუნველყოფილი. დღეისთვის ჩვენთან პირველადი ჯანდაცვა, შეიძლება ითქვა, დავიწყებულიცაა. იყო საუბარი, რომ უნდა შეცვლილიყო და იგეგმება რაღაც, რამდენიმე კონფერენციაც ჩატარდა, რომელსაც ვესწრებოდი. თუმცა, ჯერჯერობით ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ მუშაობს ამ საკითხზე „გლობალ ალიანსთან“ ერთად“, – აცხადებს ლიანა ტაბიძე.
მან დაასახელა რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც პირველადი რგოლის განვითარება მოიცავს.
„უნდა მოწესრიგდეს ამბულატორიების ინფრასტრუქტურა და ელემენტარული გამოკვლევების ჩატარების საშუალება უნდა გვქონდეს ადგილობრივად. სოფლის ექიმებს თუ ტრანსპორტიც ეყოლებათ, ეს ძალიან დაეხმარება მათ მუშაობაში. და რაც მთავარია, უნდა აღმოიფხვრას ექიმების ანაზღაურების პრობლემა. რაც შეეხება მედიკამენტების ხელმისაწვდომობას, როდესაც ვიყავით შეხვედრებზე, იქ იყო საუბარი, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე ავადმყოფებისათვის ნაწილობრივ მაინც იყოს ჩადებული პროგრამაში. საუბარი იყო ასევე პირველადი ჯანდაცვის რთულ მდგომარეობაზე“, – აღნიშნავს ლიანა ტაბიძე.
მედიკოსი მიესალმება რეფორმის მომზადების საკითხში უცხოელი ექსპერტების ჩართულობას და მიიჩნევს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის დაგეგმარებისას უცხოელი ექსპერტების ჩართულობა და მათი გამოცდილების მიღება, ვგულისხმობ „გლობალ ალიანსს“, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს აღნიშნულ რეფორმაზე. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ადაპტირებული იყოს ჩვენს რეალობაზე, ანუ ჩვენს სიტუაციას უნდა მოერგოს“,- მიიჩნევს ლიანა ტაბიძე.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრომ „გლობალ ალიანსთან“ ერთად იანვრის ბოლოს წამოიწყო სოციალური ინიციატივა „რა გაწუხებთ?“, რომელიც მოსახლეობის პრობლემების გამოვლენას გულისხმობს, ხოლო გამოკითხვის შედეგებს სამინისტრო გამოიყენებს რეფორმების დაგეგმარებისათვის. კითხვარების შევსება შესაძლებელია საიტზე: www.1505.ge.4.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები