მანანა კობახიძე: ეს მკვლელობაა, ჩვეულებრივი უსისხლო მკვლელობა!!!

“ეს მკვლელობაა, ჩვეულებრივი უსისხლო მკვლელობა”, – ამ სიტყვებით აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გუშინ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პოლიტიკოსის შესახებ პირადი ცხოვრების შესახებ გავრცელებულ ვიდეო-კადრებს.
როგორც კობახიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, იგი ამჟამად აშშ-ში ვიზიტით იმყოფება, სადაც ქალთა სტატუსის კომისიის მე-60 სესიას დაესწრება და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით უნდა ისაუბროს. თუმცა, დღეს უკვე აცხადებს, რომ რა უნდა მას სესიაზე.
„14 მარტს ქალთა სტატუსის კომისიის მე-60 სესია იხსნება ნიუ-იორკში, გაეროში, ხოდა მეც წამოვედი, ჩვენს ქვეყანაში ქალთა უფლებებზე სასაუბროდ, თუნდაც იმ მცირედ პროგრესზე, რასაც მივაღწიეთ, თუმცა…… აქ ჩამოსულს წამომეწია ის სიბინძურე (ინფორმაციას ამას ვერ დავარქმევ), რამაც საზოგადოება და მეც კიდევ ერთხელ შოკში ჩაგვაგდო, ისევ კადრები, ისევ პირადი ცხოვრება, ისევ ის ხელწერა, ვფიქრობ, საერთოდ რა აზრი აქვს ახლა ჩემს აქ ყოფნას?! რა გავუზიარო აქ ჩემს კოლეგებს, რაზე ვესაუბრო?! როგორ უთვალთვალებდნენ, როგორ იწერდნენ, როგორ ებრძოდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს და როგორ გრძელდება ამ ყველაფრით შანტაჟი დღესაც?! როგორი მოუშორებელი ჭირი გვჭირს და როგორ ვერ ვუმკლავდებით?! ამაზრზენია, სამარცხვინოა, ფარგლები არა აქვს იმ უსახელო არსებების უზნეობას, ვინც იღებდა, ინახავდა, ავრცელებდა და ავრცელებს, იყენებდა და იყენებს პირად ცხოვრებას იარაღად!!!
რაც არ უნდა არ გიყვარდეთ, არ მოგწონდეთ, არ გინდოდეთ, როგორ უნდა გაიმეტოთ პოლიტიკოსი, უბრალოდ, ადამიანი, კაცი თუ ქალი, არა აქვს მნიშვნელობა, ასეთი დარტყმისთვის! პირადი ცხოვრება არის პირადი და მორჩა!!! იარაღი აღარ არის საჭირო, ეს მკვლელობაა, ჩვეულებრივი უსისხლო მკვლელობა!!! არ იმსახურებს ამას არც ჩემი ქვეყანა, არც საზოგადოება და არც ადამიანი!“ – წერს მანა კობახიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები