ალექსი პეტრიაშვილისთვის გამთენიისას სასწრაფო ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო

დღეს გამთენიისას ალექსი პეტრიაშვილს დამატებითი ოპერაცია გაუკეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ facebook-ის საკუთარ გვერდზე პეტრიაშვილის მეუღლე, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე ავრცელებს.
მიშველაძე წერს, რომ ტყვიამ, რომლის ამოღებაც დაჭრილი პეტრიაშვილის სხეულიდან ვერ მოხერხდა ერთ-ერთი ორგანო დააზიანა, რის გამოც სასწრაფო ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო.
პეტრიაშვილის მეუღლე განმარტავს, რომ ოპერაცია დაახლოებით 5 საათის წინ დასრულდა და ექიმების თქმით „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ბუკას კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთდა ახლა, ჯერ არ დამთავრებულა! ტყვიამ მუცლის ღრუში ნაწლავი დააზიანაო! ხოდა ეს სხეულის განზრახ დაზიანეებაა თუ მკვლელობის მცდელობა???!!! შსს ცოტა გამოცოცხლდით“, – წერს მიშველაძე.
„თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ორი დღის წინ საბურთალოს სასაფლაოზე დაჭრეს. მას თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღით 3 ჭრილობა მიაყენეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები