„ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ერთობა, მთავრობის ვალდებულებაა, ამ თემაზე სპეკულაციები არ დაუშვას“
„ბოლო დროს აგორდა თემა, რომელიც ქორწინებას ეხება. აქ კიდევ ერთხელ და ბევრჯერ უნდა განვმარტოთ ერთი რამ, არსებობს სამოქალაქო კოდექსი, სადაც ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა“,- აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ პორტალ „კვირას პრესკლუბში გააკეთა.
ვოლსკის განმარტებით, ეს ფორმულირება სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების ევროპულ ქარტიასთან და ბევრ საერთაშორისო დოკუმენტთან, რომელიც რომელიმე ქვეყნის ასეთ პოზიციას არ ეწინააღმდეგება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, მთავრობის ვალდებულებაა, არ დაუშვას ქორწინების თემაზე სპეკულაციების გაგრძელება და მავანს არ მისცეს საშუალება, რომ თემა ვითარების დაძაბვისთვის გამოიყენოს.
„რაც შეეხება კონსტიტუციას, 36-ე მუხლის პირველი პარაგრაფი გვეუბნება, რომ ქორწინება მეუღლეთა თანასწორობაზე უნდა იყოს დამყარებული, მეორე პარაგრაფი სახელმწიფოს ვალდებულებებს უსვამს ხაზს, მესამე მუხლში საუბარია იმაზე, რომ დაცული უნდა იყოს დედისა და ბავშვის უფლებები, რაც ნიშნავს, რომ მეუღლეთა შორის ერთ-ერთი დედაა. მთავრობის ვალდებულებაა, არ დაუშვას ამ თემაზე სპეკულაციების გაგრძელება და მავანს არ მისცეს საშუალება, რომ თემა ვითარების დაძაბვისთვის გამოიყენოს. სახელმწიფოს ვალდებულებაა, სწორი პოზიცია დაიკავოს და არავის მისცეს ინტერპეტაციის საშუალება. გარდა ამისა, არსებობს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის განწყობა, მათ შორის ნებისმიერი რელიგიური კონფესიის ადამიანები, რომლებიც მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ იმას, რომ ეს ძალიან მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული კონსტიტუციაში“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.