კობახიძე ახვლედიანის გადაყენებაზე: არ უნდა იყოს ეჭვები, არის თუ არა ეს რაიმე ტიპის დევნა გამოხატვის თავისუფლებისთვის
იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება ვისაც არ უნდა ეხებოდეს, აუცილებლად საჭიროებს სათანადო დასაბუთებას, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან მამუკა ახვლედიანის გათავისუფლების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ვისაც არ უნდა ეხებოდეს იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება, აუცილებლად საჭიროებს სათანადო დასაბუთებას. არ უნდა იყოს ეჭვები, არის თუ არა ეს რაიმე ტიპის დევნა გამოხატვის თავისუფლებისთვის, ძალიან ფრთხილია მიდგომა, ვინაიდან აქ პირველ რიგში საზოგადოების ინტერესია მთავარი, რომ საზოგადოებას ნდობა არ დაეკარგოს სასამართლო ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გუშინ გაათავისუფლა. მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოს წესით გაასაჩივრებს. მისივე თქმით, საბჭოს გუშინდელი მოქმედება იმ პრობლემური საკითხების გადაფარვის მცდელობაა, რომელიც სასამართლოს სისტემაში არსებობს.