რას ფიქრობენ თოფაძის განცხადებებზე „ქართულ ოცნებაში“ და იქნება თუ არა კოალიცია ერთიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებსა და გოგი თოფაძეს შორის განხეთქილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ვოლსკის განცხადებები პირადმა წყენამ განაპირობა, თუმცა პირად წყენას მოჰყვა განცხადებები, რომლებიც არა „რესპუბლიკური პარტიის“ ზოგიერთ წარმომადგენელს და არა „რესპუბლიკურ პარტიას“, არამედ კოალიციისა და მთავრობის პოზიციას, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას შეეხო.
გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ქვეყნის წინაშე თოფაძის დამსახურებაზე ისაუბრა, თუმცა მის მიერ საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე გაკეთებულ განცხადებებს გაემიჯნა.
„ძალიან მწვავედ აგორდა თემა, რომელიც ბატონი გოგი თოფაძის გამონათქვამებს, განცხადებებს და დამოკიდებულებებს ეხება და რომელიც გარკვეულწილად „რესპუბლიკურ პარტიას“ უკავშირდება. ვფიქრობ, მისი პირველი განცხადებები, მის მიმართ არაკორექტული მიმართვის გამო, განპირობებული იყო პირადი წყენით, მაგრამ საპასუხო გამონათქვამი უკვე პოლიტიკურ თემებს შეეხო. პირადი წყენის საფუძველი ბატონ გოგის ჰქონდა, ვფიქრობ, არასწორი იყო მის მიმართ დამოკიდებულება. ვიღაცას მოსწონს ის, ვიღაცას – არა, მაგრამ ბატონი გოგი საკმაოდ დამსახურებული პიროვნებაა, ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნისთვის. ის პატრიოტული სულისკვეთების ადამიანია, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს, საპარლამენტო საქმიანობაც იცის. დაუშვა არაკორექტული გამონათქვამი, რის გამოც მან ბოდიში მოიხადა, მაგრამ მის ამ გამონათქვამს მის მიმართ კიდევ მეტი არაკორექტულობა მოჰყვა. პასუხი, რომელიც მან გასცა „რესპუბლიკური პარტიის“ ზოგიერთ წარმომადგენელს, შეეხო არა „რესპუბლიკურ პარტიას“, არამედ რეალურად გადასწვდა კოალიციისა და მთავრობის პოზიციას საგარეო თუ საშინაო საკითხებში. სწორედ ეს არის თემები, სადაც მის გამონათქვამებს საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე ვერანაირად დავეთანხმები“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ფრაქციის ხელმძღვანელის თქმით, პროცესებმა კითხვები დაბადა, რომელზეც პასუხების მიღება პოლიტსაბჭოს მოუწევს. რაც შეეხება კოალიციის ერთობას, ვოლსკი მიიჩნევს, რომ კოალიცია ერთიანი უნდა დარჩეს. „იქნება თუ არა კოალიცია ერთიანი, ამის პროგნოზირებას მე არ მოვყვები, მაგრამ კოალიციის ლიდერების და ჩვენი ფრაქციის სურვილი და პოზიციაა, რომ კოალიციის ერთობა შენარჩუნდეს“,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები