დაზვერვის სამსახურში მომუშავეთა რიცხოვნობა პრემიერ-მინისტრის მიერ განისაზღვრება
დაზვერვის სამსახურში მომუშავეთა რიცხოვნობა, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის მიერ განისაზღვრება. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები პარლამენტში ინიცირებული “საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ” კანონში ხორციელდება.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მომზადების საფუძველი მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაა, რომლითაც დადგინდა, რომ სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება ინფორმაცია საქართველოს დაზვერვის სამსახურის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის განაწილების, მომუშავეთა რიცხოვნობის, სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და ანგარიშების თაობაზე.
“აღნიშნული ცვლილების შესაბამისად დაიშიფრება: სამსახურის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის განაწილება, მომუშავეთა რიცხოვნობა, სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და ანგარიშების თაობაზე ინფორმაცია, რაც გააადვილებს და დაცულს გახდის სამსახურის მუშაობის სპეციფიკას და მეთოდებს”, – აღნიშნულია კანონპროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში.