გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მილოშ ზემანს შეხვდა.
შეხვედრაზე პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას დიდი პოტენციალი გააჩნია. გამოითქვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეფასებით, საქართველომ ყველა ტექნიკური მოთხოვნა წარმატებით შეასრულა.
ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა გამოთქვა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა მზადაა პოლიტიკურ თანამშრომლობასთან ერთად, საქართველოსთან ეკონომიკური და საინვესტიციო პარტნიორობა განავითაროს.