ვახტანგ ხმალაძე: მიწების დარეგისტრირების პრობლემა მარტო ფულის პრობლემას არ უკავშირდება
მიწების დარეგისტრირების პრობლემა მარტო ფულის პრობლემას არ უკავშირდება და ამ პრობლემების იდენტიფიცირება მოხდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განცხადა.
„მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა არ დაგვიწყია, რადგან მივიჩნიეთ, რომ მასში არის სერიოზული ხარვეზები. ამიტომ მიმდინარეობს პროექტის გადამუშავება და ის სხვა სახით იქნება წარმოდგენილი.
პროექტი იუსტიციის სამინისტროში მომზადდა, მათ შორის არის საპილოტე პროექტიც. მიწების დარეგისტრირების პრობლემა მარტო ფულის პრობლემას არ უკავშირდება და ამ პრობლემების იდენტიფიცირება მოხდა. ისიც ვიცი, რომ საპილოტე პროექტის განსახორციელებლად მსოფლიო ბანკს გამოყოფილი აქვს სათანადო დაფინანსება, ამის შესაბამისად არის დაგეგმილი მთელი პროცესის წარმართვა“,-განაცხადა ხმალაძემ.
მისივე თქმით, დღესდღეობით, მიწის რეგისტრირება არ უნდა მოხდეს არც თვითმმართველობების და არც სახელმწიფოს მიერ.
“ცხადია, დღესდღეობით, მიწების რეგისტრირება არ უნდა მოხდეს არც თვითმმართველობების და არც სახელმწიფოს მიერ. ეს სრულიად ცხადია, რადგან უამრავ სასამართლო დავას წარმოშობს – ადამიანებს აქვთ სხვადასხვა პერიოდში კანონიერად გაცემული მოწმობები. ეს მოწმობები რომ ხარვეზიანია, ეს ცალკე პრობლემაა, თუ რატომ არის ხარვეზიანი და რატომ არის ჩემი და თქვენი მიწის საზღვრები ერთმანეთზე გადაფარული, მაგრამ ამ პრობლემების გამო სხვა ახალი პრობლემა არ უნდა შევქმნათ”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.