იულია ტიმოშენკოს ფრაქციამ მმართველი კოალიცია დატოვა
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინას“ საპარლამენტო ფრაქციამ მმართველი კოალიცია დატოვა. ეს გადაწყვეტილება ფრაქციამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე არსენ იაცენიუკის დარჩენის პროტესტის ნიშნად მიიღო.
ტიმოშენკომ ამ გადაწყვეტილებას „ერთადერთი სწორი“ უწოდა და სხვა საპარლამენტო ფრაქციებსაც მმართველი კოალიციის დატოვებისკენ მოუწოდა. მანამდე „ბატკივშინას“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პარტიის წევრმა, უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა იგორ ჟდანოვმა თანამდებობა დატოვა.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს უკრაინის უმაღლეს რადაში მთავრობისთვის უნდობლობის საკითხზე კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად დადგენილებამ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა.