გიორგი კეკელიძე: არასდროს მიგრძვნია თავი ვინმეზე ნაკლებად დაბადების ადგილის მიხედვით

„ყველგან სრულფასოვანი ვარ, ნიუ-იორკშიც და ზემო სურებშიც, რადგან ვიცნობ შოთა რუსთაველს, რომელმაც თქვა: ,,თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები“, – ამ შინაარსის პოსტი სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ გამოაქვეყნა.
მისი თქმით, არასდროს უგრძვნია თავი ვინმეზე ნაკლებად დაბადების ადგილის, გეოგრაფიული არეალის მიხედვით.
ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს „თავის მართლება“ ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის მიერ ჟურნალისტის მისამართით გამოთქმული მოსაზრების გამო მოუწია.
„ერთი თვის ჩამოსულია რაიონიდან და მიკროფონი უჭირავს ხელში“,- თქვა ერთ-ერთ გადაცემაში გაჩეჩილაძემ.
„დღეს დამპატიჟა „მაესტრომ” საღამოს დისკუსიაში თემაზე ,,ჩამოსულები”. არ და ვერ მივდივარ – ერთი: ამგვარ ტელედებატებს სულ ვერიდები და მეორეც – ამ დროს კავთისხევში ვიქნები, ბიბლიოთეკა უნდა დავაფუძნოთ. ჩემი დაპატიჟება ალბათ დილით ჩემსავე დაწერილ სტატუსს უკავშირდებოდა: ,,ცხოვრება, იმითაცაა საინტერესო, რომ, ერთი მხრივ, გუშინ აინშტაინის ნაწინასწარმეტყველები გრავიტაციული ტალღების არსებობა დადასტურდა, მეორე მხრივ, ხალხი მთელი ღამე განიხილავდა, შეიძლება თუ არა რაიონიდან ერთი თვის ჩამოსულ ჟურნალისტს ხელში მიკროფონი ეჭიროს. საინტერესო კი იმიტომაცაა, რომ ირონიის გარეშე – ორივე თემა მნიშვნელოვანია”.
თემიდან განრიდებად რომ არ ჩამეთვალოს, აქვე დავძენ, რომ არ მგონია ,,ჩამოსულების” ამხელა რეაქცია და ილია, აკაკი, ვაჟა და სხვების ,,ჩამოსულობის” მოხმობით თავის დაცვა იყოს საჭირო. არასდროს მიგრძვნია თავი ვინმეზე ნაკლებად დაბადების ადგილის, გეოგრაფიული არეალის მიხედვით და რაც მთავარია და ხშირად გამოგვრჩება – არც ის ადგილი მგონია რამეზე ნაკლები. ყველგან სრულფასოვანი ვარ, ნიუ–იორკშიც და ზემო სურებშიც, რადგან ვიცნობ შოთა რუსთაველს, რომელმაც თქვა: ,,თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები”,- წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები