ლევან ჩაჩუა: აბსურდული ბრალდებაა, რომელიც ეფუძნება ერთ ვიდეოს

   ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა თვლის, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია. ჩაჩუას თქმით, მის მიმართ წაყენებული მთელი ბრალდება ერთ დისკზეა აგებული. ექსპერტი უსაფუძვლოს უწოდებს პროკურატურის ბრალდებასაც იმის შესახებ, რომ ის მოწმეებზე ტელეფონით ზეწოლას ახდენდა.
“პროკურატურა და ბრალდება ამბობს, რომ მე მოვახდინე ზეწოლა ტელეფონით იმ ადამიანებზე, ვინც ჩემთან ერთად მოამზადა საექსპერტო დასკვნა. პროკურატურას არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, რომ რომელიმე მათგანთან ერთი ზარი მაინც განმიხორციელებია. მთელი ბრალდება აბსურდულია, ბრალდება, რომელიც ეფუძნება მხოლოდ ერთ ვიდეოს”, – განაცხადა ლევან ჩაჩუამ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე.
ლევან ჩაჩუას მტკიცებით, მან დადო სრულიად სამართლიანი, ობიექტური დასკვნა და ამას ხელს აწერს ექსპერტიზაში მონაწილე ყველა ექსპერტი, მათ შორის ზურაბ ჟვანიას ბიძაშვილის მეუღლე. როგორც ექსპერტი ამბობს, ექსპერტიზის მხრიდან რაიმე დარღვევის ნიშნები რომ ყოფილიყო, ჟვანიას ბიძაშვილის მეუღლე არ დამალავდა და გასააჯაროებდა. ლევან ჩაჩუა სასამართლო პროცესზე მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას არ დაეთანხმა.
“დამიბარეს პროკურატურაში, მივეცი ჩვენება და იქიდან გამოსვლის შემდეგ ერთ საათში კვლავ დამირეკეს, რომ რაღაც დეტალები იყო დასაზუსტებელი. განმეორებითი დაბარების შემდეგ მე ვიცოდი, რომ დამაკავებდნენ, თუმცა, ერთი წამითაც არ მიფიქრია, არ მივსულიყავი. არანაირი საფუძველი იმის ვარაუდის, რომ პროკურატურას დავემალები, არ არსებობს”, – განაცხადა ჩაჩუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები