თურქეთმა ლტოლვილებისთვის ბანაკების მშენებლობა სირიის ტერიტორიაზე დაიწყო
თურქმა მუშებმა სირიის ტერიტორიაზე ათასობით ლტოლვილისთვის ბანაკების მშენებლობა დაიწყეს. ამ ზომით თურქეთის ხელისუფლება სირიიდან ლტოლვილების ნაკადის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გასულ კვირას სირიის ქალაქ ალეპოდან 35 ათასი ლტოლვილი თურქეთის საზღვარს მიუახლოვდა. ეს ადამიანები სირიის სამთავრობო ძალებისა და რუსული ავიაციის დაბომბვებს გაურბიან.
ევროკავშირის მოთხოვნის მიუხედავად, თურქეთმა ეს ადამიანები საკუთარ ტერიტორიაზე არ შეუშვა. თურქეთში უკვე 2,5 მილიონი სირიელი იმყოფება, რომლებიც ომს გაურბიან. ლტოლვილების ნაწილმა გზა ევროპისკენ განაგრძო, სადაც მათ ლტოლვილის სტატუსის მიღების იმედი აქვთ. გასულ წელს ევროპაში ჩასულ 1 მილიონამდე ლტოლვილთა შორის სირიელები უმრავლესობას წარმოადგენენ.