“ლევან ჩაჩუა ექსპერტიზაში მონაწილე პირებზე ზემოქმედებდა“
ლევან ჩაჩუას მხრიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილე პირებზე ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ, ჟურნალისტებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ ძაძამიასა და ლევან ჩაჩუას პროცესის დაწყებამდე, პროკურორმა რეზო ნადოიმ განუცხადა. მისი თქმით, პროკურატურა დღეს ამ პირების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
“ბრალდებულთა მიმართ ვითხოვთ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას. მიგვაჩნია, რომ ამისთვის არსებობს ფაქტობრივი საფუძვლები, როდესაც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფოტომასალა. ლევან ჩაჩუას მხრიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილე პირებზე ადგილი ჰქონდა ზემოქმედებას ჩვენების შეცვლის მიზნით, მისთვის სასურველი ჩვენების მისაღებად. სწორედ ამან განაპირობა მის მიმართ ისეთი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, როგორიც არის დაკავება. ჩვენი მოთხოვნა არის სამართლიანი”, – აღნიშნა პროკურორმა.
ლევან ჩაჩუა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით 20 მარტს დააკავა.