სასამართლო ლევან ჩაჩუას აღმკვეთი ღონიძიების საკითხზე დღეს იმსჯელებს
სასამართლო დღეს სამედიცინო ექსპერტის, ლევან ჩაჩუას აღმკვეთი ღონიძიების საკითხზე იმსჯელებს. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, პროკურატურა ლევან ჩაჩუასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. სასამართლო პროცესი დღეს, 12.00 საათზე გაიმართება.
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, 2014 წლის 20 მარტს დააკავა. როგორც პროკურატურა აცხადებს, გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ვინაიდან წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით. ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.