2008 წლის ომის საერთაშორისო გამოძიებაში რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს

2008 წლის ომის გამოძიებაში, რომელსაც ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო აწარმოებს, რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოსკოვს დღემდე რომის სტატუტის რატიფიცირება არ მოუხდენია.
„2016 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი რუსსეთის ფედერაციისთვის ძალაში არ შესულა“, – ნათქვამია განცხადებაში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 27 იანვარს ოფიციალურად განაცხადა, რომ 2008 წლის ომის დროს მომხდარი სამხედრო დანაშაულის ფაქტების გამოძიება დაიწყო. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ამ ფაქტის კომენტირებისას აღნიშნა, რომ საქართველოს ხლისუფლება გამოძიების დაწყებას მიესალმება და ის ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართველების ეთნიკური წმენდის დამტკიცებას შეეცდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები