დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ამ ორგანიზაციის რეფორმირების პროექტი შეათანხმეს
დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა შეათანხმეს დოკუმენტის პროექტი, რომლის მიხედვით ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ჯგუფებს, რომლებიც საერთო წევრთა რაოდენობის 55%-ს შეადგენენ, კანონმდებლობაში შესწორებების შეტანის და საკანონმდებლო ინიციატივების ბლოკირების უფლება ეძლევათ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
იგეგმება, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელი დიდ ბრიტანეთთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ოფიციალურად განაცხადებს. ლონდონი ამ ორგანიზაციაში რეფორმების განხორციელებას მოითხოვს.
დიდ ბრიტანეთში ევროკავშირიდან შესაძლო გასვლის საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. პრემიერ – მინისტრი დევიდ კემერონი, ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის დარჩენის სანაცვლოდ, ოთხ პირობას აყენებს – კონკურენციას, სუვერენიტეტს, სოციალურ პოლიტიკას და ეკონომიკურ მმართველობას. ყველა რთული მოთხოვნა, რომელსაც ლონდონი აყენებს, მიგრანტებს ეხებათ. კერძოდ, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მიგრანტებისთვის, რომლებიც იქ ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან ჩავიდნენ, პირველი ოთხი წლის განმავლობაში სოციალური დახმარების გაცემას არ აპირებს. თავის მხრივ, ევროკავშირი ამ პირთა მიმართ უფრო მსუბუქი ზომების გამოყენების ინიციატივით გამოდის.