სირიის ოპოზიცია რუსული ავიადარტყმების შეჩერებას მოითხოვს
ჟენევაში, სირიის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების საკითხზე გამართულ მოლაპარაკებაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა რუსული ავიაციის მიერ დაბომბვების შეწყვეტა მოითხოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სირიის ოპოზიციის წარმომადგენელმა სალიმ ალ–მუსლათმა განუცხადა.
„ჩვენ გვაქვს სამი ძირითადი მოთხოვნა – ქალაქების ბლოკადის მოხსნა, ქალების და ბავშვების გათავისუფლება და რუსული ავიაციის და ბაშარ ასადის ძალების მიერ დაბომბვების შეწყვეტა“, – განუცხადა მუსლათმა ჟურნალისტებს ჟენევაში, სადაც გაეროს ეგიდით სირიის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.
სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას გასულ პარასკევს მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდნენ, რაც გადაწყდა, რომ ისინი დიალოგს გაეროს დიპლომატებთან გამართავენ და არა ბაშარ ასადის მთავრობის წარმომადგენლებთან.
ჟენევის შეხვედრის ძირითადი მიზანია სირიაში მშვიდობის დამყარება. ამის შემდეგ დადგება გარდამავალი ეტაპი, რომელიც, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიხედვით, არჩევნებით დასრულდება.
სირიაში 5 წლის განმავლობაში ომის შედეგად 250 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 მილიონი ლტოლვილად იქცა.