ბათუმის საკრებულოს წევრი თაღლითობაში მონაწილეობდა

  შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმის საკრებულოს წევრი – მამული ჟღენტი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყნების და თაღლითობაში დახმარები გაწევის ფაქტზე, ხოლო მოქალაქეები – მალხაზ გ. და გუგული დ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ამხილეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის ივლისში გუგული დ-მ და მისმა შვილმა მალხაზ გ-მ ბათუმში სახელმწიფოს კუთვნილი 863 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლება განიზრახეს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათ ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი თვითნებურად შეღობეს. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიას განცხადებით მიმართეს, თითქოს გუგული დ. 20 წლის განმავლობაში ფლობდა მითითებულ მიწის ნაკვეთს და მასზე საკუთრების უფლების მოპოვება ითხოვეს.
ბათუმის საკრებულოს წევრმა და ამასთანავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავჯდომარე მამული ჟღენტმა გუგული დ-სა და მალხაზ გ-ს განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და კომისიის წევრები შეცდომაში შეიყვანა და დაარწმუნა, რომ გუგული დ-სთვის მიწის ნაკვეთის გადაცემა კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. აღნიშნული გზით გუგული დ. და მალხაზ გ. 863 კვ.მ მიწის ნაკვეთს თაღლითურად დაეუფლნენ, რითიც სახელმწიფოს დიდი ოდენობით – 149149 ლარის მატერიალური ზარალი მიადგა.
გამოძიება მამული ჟღენტის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყნების და თაღლითობაში დახმარები გაწევის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 25-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო გუგული დ-სა და მალხაზ გ-ს მიმართ – წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები