მეჭიაური ქადაგიძეს: ადეიშვილს ჩააბარე ანგარიში, მისი ხელის ბიჭი ხარ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებას უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური სოციალურ ქსელში ეხმაურება. მეჭიაური ქადაგიძეს მიმართავს და ურჩევს ანგარიში ზურაბ ადეიშვილს ჩააბაროს.
“ადეიშვილს ჩააბარე ანგარიში, მისი ხელის ბიჭი ხარ!”,- წერს მეჭიაური.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, იგი დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით უნდა წარდგეს, რასაც ქართველი ხალხი მოისმენს.
„მე ანგარიშს არ ვაბარებ არც ბატონ მეჭიაურს და არც ბატონ ტყემალაძეს, არამედ ვაბარებ ქართველ ხალხს“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ზოგიერთი დეპუტატის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც ქადაგიძის ანგარიში საინტერესო არ არის.
გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის წინაშე ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშით წარდგომა მნიშვნელოვანია, რათა კითხვებზე პასუხი გაიცეს.
“რიგი დეპუტატები და, სამწუხაროდ, კომიტეტის თავმჯდომარეები აცხადებენ, რომ მათთვის არ არის საინტერესო ამ ანგარიშის მოსმენა და ამ თემებზე საუბარი. მე მინდა მარტივად ვთქვა, რომ მე ანგარიშს არ ვაბარებ არც ბატონ მეჭიაურს და არც ბატონ ტყემალაძეს. მე ანგარიშს ვაბარებ ქართველ ხალხს და საზოგადოებას, რომელთაც აინტერესებთ კითხვებზე პასუხის გაცემა”, – განაცხადა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია იმისთვის, რომ გაანალიზდეს, სად იყო წარმატება, სად წარუმატებლობა, სად მოხდა შეცდომების დაშვება და “რაც მთავარია, რა მიმართულებით უნდა განვვითარდეთ იმისთვის, რომ დავძლიოთ ის გამოწვევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია”. გიორგი ქადაგიძის ინფორმაციით, რამდენიმე კვირაში მისი, როგორც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის საკონსტიტუციო მანდატი იწურება, ამიტომ მიაჩნია, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ რანგში მისი ბოლო ანგარიშის მოსმენა. “მე არ ვიქნები დამძიმებული იმ ჩარჩოებით, რომელიც, როგორც წესი, ახლავს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ანგარიშს. შესაბამისად, მექნება საშუალება, ვისაუბროთ ყველა საკითხზე, რაც კი ამ პერიოდის განმავლობაში იყო აქტუალური”, – განაცხადა ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები