“თავად მხოლოდ ჩუმ სიკეთეს აღიარებს, ბევრი რამის აფიშირებას მიკრძალავს”

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლის ოჯახშიც შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვი იზრდება, დახმარება გაუგზავნა.

ამის შესახებ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელძღვანელის თეა პერტაიას მიერ ფეისბუქის პირად გვერდზე განთავსებულ პოსტშია ნათქვამი.

თეა პერტაია ამავე პოსტში წერს, რომ გიორგი მღებრიშვილი “ ჩუმ სიკეთეს“ აღიარებს და მსგავსი ღონისძიებების აფიშირებისგან თავს იკავებს.

“ჯანსაღი საზოგადოების ფორმირებისთვის ადამიანებს, განსაკუთრებით, ბავშვებს, ბევრი სიკეთე უნდა დაანახვო“, – ამ სიტყვებს ის ხშირად მიმეორებს… თუმცა, როცა სიტყვებზე ხშირად ფაქტები გიყვებიან, მაგარი შეგრძნებაა…

დიდხანს ვფიქრობდი, ამ ყველაფერზე დამეწერა თუ არა… თავად მხოლოდ ჩუმ სიკეთეს აღიარებს, ბევრი რამის აფიშირებას მიკრძალავს… მაგრამ, მოცემული ფეისბუქის გვერდი ჩემი პირადი სივრცეა და მიმიაჩნია, რომ ეს გარკვეულ თავისუფლებას მანიჭებს. თავისუფლებას – ვთქვა ის, რაც მაწუხებს, რაც მინდა გამოვთქვა და ადამიანებს გავუზიარო… თავს იმით გავიმართლებ, რომ ეს სწორედ მისი ნათქვამის გაგრძელება და ჩემეული ინტერპრეტაციაა – ადამიანებს სიკეთე უნდა დაანახვო და ამაზე ხშირად მოუყვე… თბილისში არის ერთი სევდიანი სახლი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ… ბევრი ბავშვური, მაგრამ ერთი განსხვავებული, არაბავშვური სურვილით – იცოცხლონ, გამოჯანმრთელდნენ… რამდენიმე დღის წინ იქ ჩვეულზე მეტი მხიარულება იყო. პატარები სიხარულით გაბრწყინებული თვალებით… მათ მიერ წერილებში დაწერილი ბავშვური სურვილები, უკვე განხორციელებული, გულში ჰქონდათ ჩახუტებული…. ცოტათი ადრე ეს წერილები გიორგი მღებრიშვილმა წაიკითხა და… აი, შსს თანამშრომლებმა სევდიანი ოთახების ბინადართ სურვილების ასრულების დღე მოუწყვეს… 14 ბავშვის პატარა გული და 14 რწმენა იმისა, რომ, როცა რამეს ძალიან ინატრებ, აუცილებლად აგიხდება… ეს ბერი ანდიას სახელობის სარეაბილიტაციო სახლი იყო…

თვეების წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი ირაკლი, რომელსაც დღემდე საკუთარი ძმასავით პატრონობს, ახლახან სამკურნალოდ ისრაელში გაამგზავრა… მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბოლომდე აპირებს იბრძოლოს…

ყველა პოლიციელის ოჯახს საახალწლო დღესასწაული მოუწყო; დაღუპული პოლიციელების ბავშვები საჩუქრებით გაახალისა; ორიოდე დღის წინ ისინი დასასვენებლად ბაკურიანშიც გაამგზავრა. ეს, ალბათ, ისედაც ყველამ იცის… მაგრამ არავინ იცის ის, რომ სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლის ოჯახშიც შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვი იზრდება, დახმარება გაუგზავნა. ყველას – უკლებლივ, სამინისტროს მომსახურე პერსონალსაც და რიგით პოლიციელსაც. ყველას, ვისაც ეს სჭირდებოდა…

და კიდევ, რამდენი ჩუმი სიკეთე, რომლზეც, გარკვეული მიზეზების გამო, მხოლოდ წლების შემდეგ მოვყვები… სხვა ადამიანების უთქმელ ამბებთან ერთად, ავკინძავ ისტორიებად და დავარქმევ „ჩუმი სიკეთის მატიანეს“, – წერს თეა პერტაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები