ქრთამის აღების ფაქტზე ოფიცერი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ქვემო ქართლის ბიუროს ოფიცერი კოშკარ ოსმანოვი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ კოშკარ ოსმანოვმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, 2014 წლის 22 მარტს, მარნეულში, თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, პრობაციონერს ელვინ გ-ს, ქვეყნის სამი თვით დატოვების ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1800 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).