ლალი მოროშკინა: შეეშვით მიშა მესხის სახელის ყველა ბრუნვაში ტრიალს!

“შეეშვით მიშა მესხის სახელის ყველა ბრუნვაში ტრიალს! რაც მოხდა, ცალსახად ცუდია, პირველ რიგში, მიშასთვის” – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ლალი მოროშკინა დღეს სოციალურ ქსელში “ესპრესო ტვ”-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას.
ჟურნალისტი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მორალის კითხვას თავი დაანებონ და ქართველ მსახიობს დაეხმარონ.
“შეეშვით მიშა მესხის სახელის ყველა ბრუნვაში ტრიალს! რაც მოხდა, ცალსახად ცუდია, პირველ რიგში, მიშასთვის და მისი ოჯახისთვის! ვიღაცები ნუ გამოქანდებით და ნუ მორალისტობთ! მიშა ნიჭიერი მსახიობი და კარგი მეგობარია! თუ მართლა სამოქალაქო საზოგადოება ვართ, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ გვერდში დავუდგეთ! უკრაინელი ე.წ.სამართალდამცავი კი ჩვეულებრივი ნაგავია! “ – წერს ლალი მოროშკინა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ “ესპრესო ტვ”-მ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ჩანს ტაქსის წინა სავარძელზე გადაწოლილი მიშა მესხი, ხოლო უკანა სავარძელზე – მისი მეგობარი, რომლებიც ნიშადურის სპირტიანი ბამბის ნესტოებთან მიტანაზეც არ რეაგირებენ. კადრების მიხედვით, მიშა მესხის გონზე მოსაყვანად მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლის განცხადებით, ორივე მგზავრი მეტადონის ზემოქმედების ქვეშ იყო, ხოლო მათ თან ჰქონდათ აბები და სხვა საშუალებები, რომლებიც შესაძლოა, ნარკოტიკების ჯგუფს ეკუთვნოდეს.
კიევის აეროპორტში მომხდარი ფაქტი „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. თუმცა, სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს შემთხვევა დაახლოებით სამი კვირის წინ, ახალი წლის დღეების დროს მოხდა.
როგორც „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიშა მესხი და მისი მეგობარი, საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს დახმარებით, უკრაინელმა ექიმებმა გადაარჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები