მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის უწყება გიული ალასანიას ჩაბარდა

   მთავარ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაბარების თაობაზე უწყება ყოფილი პრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას ჩაბარდა. როგორც საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, უწყება მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრს, დედას დღეს ჩაბარდა, შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების თაობაზე მას უკვე ოფიციალურად ეცნობა. როგორც პროკურორმა განმარტა, ყოფილ პრეზიდენტს იმუნიტეტი არ იცავს, უწყებაში დაბარებულია მოწმის სახით დასაკითხად და სხვა რაიმე ღონისძიება მასთან მიმართებაში ამ ეტაპზე არ იგეგმება.
“ჩვენ უნდა მოვისმინოთ მისი გამოუცხადებლობის მიზეზი, თუ ის გადაწყვეტს, რომ არ უნდა გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში. ამის შემდეგ გამოძიება შეაფასებს მის ქმედებას, თუმცა ჩვენ ველოდებით, რომ სააკაშვილი გამოცხადდება და უპასუხებს გამოძიების შეკითხვებს”, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.
შეგახასენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად 2014 წლის 27 მარტს, 13:00 საათზე არის დაბარებული. მთავარმა პროკურატურამ დღეს იმ საქმეების ჩამონათვალი გაავრცელა, რომელთა დაკავშირებითაც მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით დაიკითხება. პროკურატურას კითხვები მიხეილ სააკაშვილთან, ჟვანიას გარდაცვალებისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე და ბოლო წლების განმავლობაში მომხდარი გახმაურებული დანაშაულების შესახებ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები