პროკურატურა: მერაბიშვილმა ვერ გაიხსენა ჟვანიას საქმის გარემოებები

 საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაკითხა. პროკურატურის ინფორმაციით, მერაბიშვილმა ვერ გაიხსენა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები.
“ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დაიკითხა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი.
დაკითხვისას, ივანე მერაბიშვილმა ვერ გაიხსენა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები და გამოძიების შეკითხვაზე განმარტა, რომ მის მიერ 2005 წლის 3 თებერვალს გამართული ბრიფინგის დროს მან ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მიზეზად დაასახელა ბუნებრივი აირით მოწამვლა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი თავად გახლდათ შემთვევის ადგილზე მისული, სადაც იყო ნამწვის სუნი, ხოლო საქმის სხვა ფაქტობრივი გარემოებების შესახებ ვერაფერს იხსენებს.
შეგახსენებთ, რომ 2005 წლის 3 თებერვალს, ივანე მერაბშვილმა პირველმა ამცნო საზოგადოებას პრემიერ მინისტრის გარდაცვალება და საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, მომხდარი უბედურ შემთხვევად შეაფასა. ასევე, წინასწარ დაასახელა გარდაცვალების მიზეზები და განმარტა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა და რომ გარდაცვალება ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად იყო გამოწვეული. ბრიფინგი დილის 08:38 წუთზე გაიმართა, არადა ამ დროს ექსპერტიზის დასკვნა არათუ დაწერილი, არამედ გვამების გამოკვლევაც კი დაწყებული არ ყოფილა, ვინაიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება დაიწყო 2005 წლის 3 თებერვლის დილის 9 საათზე, რასაც 20 წუთით უსწრებს ვანო მერაბიშვილის ბრიფინგი. გარდა ამისა, ივანე მერაბიშვილი უშუალოდ იყო მისული შემთხვევის ადგილზე, იქ სადაც ნანახი იქნა ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გვამები”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები