“რამე ქართულს რომ ნახავ უცხოეთში და პატარასავით რომ გიხარია“ – გრიგოლ ფერაძის ფრესკა პოლონეთში

ისტორიკოსი ბუბა კუდავა პოლონეთის იმ ტაძარში სტუმრობისას მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ წერს, სადაც გრიგოლ ფერაძის ფრესკაა გამოსახული.
“რამე ქართულს რომ ნახავ უცხოეთში და პატარასავით რომ გიხარია… გრიგოლ ფერაძის ფრესკა პოლონეთში.
მახსოვს, ამ ტაძარში გვიან მივედით, მოსაღამოვებულზე. მოძღვარი იქვე მდგარი სახლიდან გამოვიხმეთ. თბილად მიგვიღო, მაღალი, სიმპათიური და დარბაისლურად თავდაჭერილი კაცი იყო. აია-სოფიას პატარა და კოპწია ასლივით ეკლესია დაუზარებლად დაგვათვალიერებინა.
ბოლოს, ტაძრის ცენტრში მდგართ, მოულოდნელად უცნაური რამ გვთხოვა – რამე ქართული იმღერეთო…
სიმღერით საერთოდ ვერ ვმღერი (კიდევ კაი, თორემ ვინ გამიძლებდა მერე გარშემო ) და მით უფრო, ეკლესიაში რა მამღერებდა! მაგრამ ისეთ დროს, ისეთ ადგილას, ისეთმა კაცმა და ისეთნაირად გვთხოვა, რომ შიგ გულში მოგვარტყა და… უკადრებელი ვიკადრე. თან ალბათ იმანაც გამათამამა, რომ აუდიტორიას მხოლოდ 3-4 პოლონელი შეადგენდა.
ამ კადრებასაც ვერ ვიკადრებდი, რომ არა ჩვენი ოქროპირის დიდი მოწადინება. მესხური „მრავალჟამიერი“ და სვანური „ქრისტე აღდგა“ მთიულური შემართებით დააგუგუნა. მეც მოგუდულად მოვძახოდი – რომელი ხმა იყო, ეგ არ მკითხოთ ოღონდ. ის კი კარგად მახსოვს, რომ მე ბანი მეგონა“, – წერს ბუბა კუდავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები