გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას შობას ულოცავს – ვიდეო
“მინდა ყველას მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მინდა ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა, მომავლის რწმენა”, – ასე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა შობის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს მოსახლეობას.
გიორგი კვირიკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას, მეუღლესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, დაესწრო. სადღესასწაულო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
საზეიმო წირვის დაწყებამდე პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.
“ჩვენმა პატრიარქმა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა ეპისტოლეში, – როგორიც არის ოჯახის მნიშვნელობა, ოჯახის სიმყარის მნიშვნელობა, სიყვარულის ნაკლებობა დღევანდელ მსოფლიოში, რწმენის და სასოების ნაკლებობა. დღეგრძელობას გისურვებთ და ბედნიერი, მშვიდობიანი და მომავლის რწმენით განსმჭვალული 2016 დამდგარიყოს ყველა თქვენგანისთვის”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საზეიმო წირვის დაწყებამდე, გიორგი კვირიკაშვილი საპატრიარქოს ეწვია და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დამდეგი შობა პირადად მიულოცა.