თეა წულუკიანი: სააკაშვილს და ლომაიას გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ სახელმწიფო ენად ინგლისური გამოეცხადებინათ – კომისიის ანგარიშის ინგლისურენოვან ვერსიას, რუსთავში გავაგზავნით, სადაც ამ დასკვნის ფიგურანტი არაერთი მავნებელი იხდის სასჯელს
ბევრი რამ არის ამ დასკვნაში იმ უსამართლობების შესახებ ნათქვამი, რომელიც „იმედის“ დარბევას და მედიის თავისუფლებას ეხება. მთელი თავია ამ დასკვნაში იმაზე, თუ როგორ ეპყრობოდნენ ნაციონალური მოძრაობის დროს მედიას, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა წულუკიანს კითხვა დაუსვა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშზე, რომელშიც შეფასებულია 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობა.
„დღეს რომელიღაც ევროპარლამენტარი იცლის იმისთვის, რომ საქართველოში თითქოსდა მედიათავისუფლების პრობლემებზე ისაუბროს, მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჟურნალისტებს სცემდნენ, ასახიჩრებდნენ, „იმედს“ არბევდნენ, ხურავდნენ გაზეთებს, ტელევიზიებს. მედია თავისუფლება მაშინ პრაქტიკულად არ იყო და ამ პირობებში კრიტიკა არ იყო ევროკავშირიდან, რადგან ქვეყანას მართავდა მათთვის მოსაწონი ხელისუფლება, რომელიც თითის დატკაცუნებით იმართებოდა გარედან“, – აღნიშნა მან.
კითხვაზე – დასკვნის ინგლისურენოვან ვერსიას პირველს ვის გაუგზავნით? – წულუკიანმა ასე უპასუხა:
„ალბათ რუსთავში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც ამ დასკვნაში ფიგურანტი არაერთი მავნებელი იხდის სასჯელს. ინგლისური უნდა გავუგზავნოთ და რატომ: ამ დასკვნაში პირველად არის მოტანილი ფაქტი, რომელიც ასე არ იყო ცნობილი და ჩვენ დავადგინეთ, რომ თურმე როგორც ირკვევა, მიხეილ სააკაშვილს და განათლების მინისტრი რომ ბრძანდებოდა ლომაია, მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ სახელმწიფო ენად ინგლისური გამოეცხადებინათ საქართველოში. ესეც ბევრ სხვა რამესთან ერთად თქვა ამ დასკვნამ ფაქტებზე, გამოძიების საფუძველზე“, – აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ბეჭდური სახით გამოცემული საგამოძიებო კომისიის ანგარიში ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს უფასოდ მიეწოდება.