დავით მათიკაშვილი: აბსურდის პირველი ღერძი, რაშიც ევროჩინოსნებმა თვითონ ჩაიგდეს თავი და ცდილობენ, საქართველოც შეიყვანონ, არის ის, რომ დემოკრატიულ ღირებულებებს აღარ ესადაგება მათი პოლიტიკა

აბსურდის პირველი ღერძი, რაშიც ევროჩინოსნებმა თვითონაც ჩაიგდეს თავი და ცდილობენ, საქართველოც შეიყვანონ, არის ის, რომ პრაქტიკულად, დემოკრატიულ ღირებულებებს აღარ ესადაგება მათი პოლიტიკა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის და ზოგადად, ტრამპის ადმინისტრაციის შენიშვნები დიდწილად, სწორედ ამ ღერძის გარშემო ტრიალებს.

„დემოკრატიის პრინციპი არის, რომ არჩევნებში როდესაც იმარჯვებს ერთი პოლიტიკური ძალა, მას გადაეცემა ხელისუფლება და ის მართავს ქვეყანას. რატომ? იმიტომ, რომ ხალხი ენდობა კონკრეტულად ამ პოლიტიკურ ძალას. 2020 წლის არჩევნების დროს ევროკავშირს თვალში არ მოუვიდა, რომ ქართველმა ხალხმა კვლავ „ქართული ოცნება“ აირჩია ხელისუფლად. პრინციპში, იქაც მარიონეტული თემებია, არაფორმალური გავლენის მქონე პირები განკარგავენ, განაგებენ და დირიჟორობენ ამ ყველაფერს, თორემ კაია კალასი რომ არ არის ამ ყველაფრის შემოქმედი, ალბათ, მეც და თქვენც კარგად გვესმის. რა იყო შარლ მიშელის შეთანხმება? ვნახეთ, როგორ განვითარდა მოვლენები, იყო არჩევნები, დამარცხდა ოპოზიცია და გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, უცებ ISFED-მა საზოგადოება შეიყვანეს შეცდომაში ტყუილით, ვითომ შეცდომით, რომ რაღაც გაყალბდა და შემდეგ ეს ყველაფერი თითზე დაიხვიეს ევროჩინოსნებმა. აქ ხელოვნურად შექმნეს თითქოს პოლიტიკური კრიზისი და ამ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად თეთრ რაშზე ამხედრებული შარლ მიშელი მოევლინა საქართველოს. რას ნიშნავს ინკლუზიური პროცესი, როდესაც დემოკრატიის პრინციპი გვეუბნება, რომ შენ უნდა მიიღო იმ პროპორციის ხელისუფლება, რა ხმებიც მიიღე არჩევნებზე და მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამართლიანად, ყოველგვარი გაყალბების გარეშე გაიმარჯვა არჩევნებში და მიიღო სათანადო პროცენტი, მაინც გვეუბნებოდნენ, რომ კომიტეტები უნდა გადაგვეცა ოპოზიციისთვის, ეროვნულ ბანკში უნდა შეგვეყვანა ოპოზიცია და ეს ოპოზიცია ახალი შესული ხომ არ იყო ამ პოლიტიკურ ველზე? ვინ იყო ის ოპოზიცია? პოლიტიკურ მანტიაში გამოწყობილი კრიმინალები, მედია მანტიაში გამოწყობილი ყოფილი პროკურორი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი ბანკირი და ა.შ. ანუ, ნახეთ, რა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია „ქართული ოცნება“, ჩამოვიდნენ ევროჩენოსნები და გვითხრეს, ქართველი ხალხის ნება ჩვენ არ გვაინტერესებს, უნდა დავიწყოთ ხელისუფლების გადაცემის პროცესიო“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები