თეა წულუკიანი: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ წამყვანი არის ეროვნული ინტერესი და თუ არის ისეთი შემოთავაზება, რომელიც ეროვნულ ინტერესს არ ეწინააღმდეგება, შეიძლება მათი მოსაზრება გავიზიაროთ

ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ წამყვანი არის ეროვნული ინტერესი, მაგრამ თუ არის ისეთი თხოვნა ან შემოთავაზება, რომელიც ეროვნულ ინტერესს არ ეწინააღმდეგება, შეიძლება მათი მოსაზრება გავიზიაროთ და გვიჩვენებია დიდი კომპრომისის უნარიანობა, მაგრამ როდესაც უკვე მათივე ღირებულებებთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვის ნიშნები, საით მიდის ევროპული ბიუროკრატია, ნამდვილად არის თუ არა მათთვის ადამიანის უფლებები პრიორიტეტი – ჩვენ ვეღარ ვიჩენთ კომპრომისის ისეთ უნარს, როგორიც ადრე გვქონდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა მას კითხვა დაუსვა კაია კალასის განცხადებასთან დაკავშირებით. წულუკიანის თქმით, ხელისუფლება ვერ წავა კომპრომისზე ისეთ საკითხებთან მიმართებით, რომელიც ეროვნულ ინტერესებთან მოდის წინააღმდეგობაში.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ხშირად ევრობიუროკრატები საქართველოსგან ითხოვენ ისეთ რამეს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, რის გამოც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კომპრომისზე ვერ წავა.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარ ვართ ევროპა, ან არ ვართ ევროპის ნაწილი, რომელიც ჩვენ ყოველთვის ვიყავით“, – განაცხადა წულუკიანმა.

კაია კალასის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის განსხვავება ის არის, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირში გაწევრიანებას არ ცდილობს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა უპასუხა კითხვას, რომელიც შეეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მხრიდან ევროკავშირის ერთნაირ კრიტიკას, თუმცა კრიტიკაზე ევროპის განსხვავებულ რეაქციებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები