რას ფიქრობს თამაზ მეჭიაური ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევის გადავადებაზე

არასამთავრობო სექტორის ერთი ნაწილის აზრით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიორგი ქადაგიძის შემცვლელის არჩევა შესაძლოა, წლის ბოლომდე გაჭიანურდეს.
პროცესის აღნიშნული სცენარით განვითარებას არ გამორიცხავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური.
როგორც მეჭიაურმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის საბოლოოდ არჩევამდე შესაძლოა, აირჩიონ მოვალეობის შემსურლებელი და ეს იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებიდან ერთ-ერთი, რომელსაც წლის ბოლომდე გასდის ვადა.
მეჭიაური ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოსა და პრეზიდენტს შორის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსენსუსი მიიღწევა და ორივე მხარის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.
“მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის საბჭოს სამ წევრს წლის ბოლომდე გასდის ვადა, არ არის გამორიცხული, ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დროებით სწორედ ერთ-ერთი მათგანი აირჩიონ, შემდეგ გაგრძელდეს კონსულტაციები და იგივე ან სხვა კანდიდატურა დამტკიცდეს საბოლოოდ, უფრო ხანგრძლივი ვადით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თაობაზე პროცესები „იხარშება“ პრეზიდენტის გარემოცვაში. ასე, რომ რომელ კანდიდატურაზე შეჩერდება არჩევანი, მათი პრეროგატივაა. არ მგონია, რომ მხარეებს კონსენსუსის მიღწევა გაუჭირდეთ“,- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 25 თებერვალს ეწურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები