“რუსეთი სამხრეთ ოსეთს თავის შემადგენლობაში არ მიიღებს”
გამოცემა eadaily.com ჟურნალისტ ზურაბ ბაზაევის სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების პერსპექტივებზე, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე.
ჟურნალისტი წერს, რომ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიღება მოსკოვის ინტერესებში არ შედის, ვინაიდან ეს ფაქტი ნატოს შემადგენლობაში საქართველოს გაწევრიანებას დააჩქარებს.
საქართველოს მიერ ამ ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში ანალოგიური გადაწყვეტილება შეიძლება აზერბაიჯანმაც მიიღოს, რაც რუსეთის მოკავშირეს – სომხეთს ძალზე რთულ ვითარებაში ჩააგდებს.
შეგახსენებთ, რომ „რუსეთის შემადგენლობაში ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების აუცილებლობაზე“ ცხინვალის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა რამდენჯერმე განაცხადა.
ჟურნალისტი წერს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუარესების შემდეგ, საქართველომ მოსკოვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, ამიტომ თბილისთან ურთიერთობების გაუარესებით რუსეთის ფედერაცია დაინტერესებული არ არის.
„სწორედ ამის გამო მოსკოვი ხელს არ უწყობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას და არც ფედერაციის შემადგენლობაში მათ შეყვანას აპირებს. ორივე გზა საქართველოს ნატოსკენ უბიძგებს, რაც მოსკოვს არ აწყობს“, – წერს ბაზაევი.
ამასთანავე, სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მოსკოვი ამ ტერიტორიების არც თბილისისთვის დაბრუნებას და იქიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას არ აპირებს. შესაბამისად, დღეს შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ყველა მხარე მოლოდინს ირჩევს.