სამხრეთ კორეა – ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებს სათანადო პასუხს გავცემთ
სამხრეთ კორეის ხელისუფლება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებს სათანადო პასუხს გასცემს. ფხენიანის განცხადებებს წყალბადის ბომბის წარმატებული გამოცდის შესახებ სეული პროვოკაციულს უწოდებს, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ეწინააღმდეგება.
წყალბადის ბომბის გამოცდა, რის შესახებაც ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, იაპონიამაც დაგმო.
ტოკიოს განცხადებით, ის მოვლენათა განვითარებას დააკვირდება და აშშ-სთან, სამხრეთ კორეასთან, რუსეთთან და ჩინეთთან ამ საკითხში მჭიდროდ ითანამშრომლებს.
აშშ ამ ეტაპზე ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდას ვერ ადასტურებს.
„ჩვენ ამ განცხადებებს ვერ დავადასტურებთ, მაგრამ აშშ გმობს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევას. მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები“, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.