2015 წლის დეკემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ – 0,6% შეადგინა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ – 0,6% შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: – ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3,6%-იანი კლება, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე – 0,40 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-7,6 პროცენტი). ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები შემცირდა 1,0 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე – 0,05 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასების კლება დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (-1,7 პროცენტი). ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება: – ჯგუფზე ფასები შემცირდა 0,8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში – 0,05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ამავე დოკუმენტის თანახმად, 2015 წლის დეკემბერში 2014 წლის დეკემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 4,9% შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: – 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 3,8 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,16 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (17,3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (12,3 პროცენტი) და ყავა, ჩაი და კაკაო (9,7 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: – ფასები გაიზარდა 10,5 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,98 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასები, ძირითადად, გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (24,2 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (7,7 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: – ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8,3-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,70 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (10,8 პროცენტი); ტრანსპორტი: – ჯგუფში ფასები შემცირდა 4,2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე – 0,48 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა საწვავ-საპოხ მასალებზე (-12,1 პროცენტი).