თეირანში მომიტინგეებმა საუდის არაბეთის საელჩო დაარბიეს
ირანის დედაქალაქში მომიტინგეებმა საუდის არაბეთის საელჩოს „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს. ეს აქცია მათ საუდის არაბეთში შიიტი სასულიერო პირის, ნიმრ ან-ნიმრის სიკვდილით დასჯის საპასუხოდ გამართეს.
თავდასხმის შედეგად საელჩოს ხანძარი გაუჩნდა. პოლიციამ 40-მდე ადამიანი დააკავა. ირანის ქალაქ მესხედში კი თავდასხმა მოხდა საუდის არაბეთის საკონსულოზე.
აქციის მონაწილეებმა მასაც ცეცხლი მოუკიდეს. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც დიპლომატიური მისიების შენობებთან შეკრება იკრძალება.
შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს საუდის არაბეთმა 47 ადამიანის სიკვდილით დასჯის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მათ შორის იყო შიიტი სასულიერო პირი ნიმრ ან-ნიმრი. ის საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. ან-ნიმრს ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.